ფეკირი
Aa
Aa

ფეკირი "ლიონში" რჩება? "ლივერპულთან" მოლაპარაკებები ჩაიშალა

„ლივერპულსა“ და „ლიონს“ შორის, ნაბილ ფეკირის თაობაზე გამართული მოლაპარაკებები ფრანგული მხარის „ინიციატივით“ შეწყდა. ფეკირიმ 2017-18 წლებში საფრანგეთის ჩემპიონატში 23 გოლი გაიტანა და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კლოპის მთავარი სამიზნე იყო. გერმანელი სპეციალისტი ნაბილს ფილიპე კოუტინიოს შემცვლელად მოიაზრებდა.

„მერსისაიდელებსა“ და „ლიონს“ შორისკონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული იყო, ნაბილი „ლივერპულში“ 5 წლის ვადით გადადიოდა და კვირაში 140000 ფუნტ სტერლინგს მიიღებდა, მოსაგვარებელი მხოლოდ სამედიცინო საკითხები გახლდათ. „ლივერპულის“ წარმომადგენლები პარიზში პარასკევს ჩაფრინდნენ და ტრანსფერის გაოფიციალურებას იმ დღესვე აპირებდნენ, თუმცა სამედიცინო შემოწმებისას თავი გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა, რამაც „ენფილდის“ წარმომადგენლების გადაწყვეტილების მიღება გაურთულა.

გავრცელებული ინფორმაციით „მერსისაიდელებმა“ ხელახალი მოლაპარაკებები წამოიწყვეს და ტრანსფერის ჩაშლა ამან გამოიწვია.

შაბათს,„ლიონმა“ საკუთარ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც გულშემატკივრებს მოლაპარაკებების ჩაშლა აუწყა.

„გაცნობებთ, რომ ნაბილ ფეკირის „ლივერპულში“ ტრანსფერი არ შედგა და შაბათ საღამოს მოლაპარაკებები „ლიონმა“ ოფიციალურად დაასრულა. „მერსისაიდული“ გუნდი ნაბილის გადაბირებით ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული, თუმცა ფეკირის საკუთარ რიგებში ხილვა ევროპის რამდენიმე ამბიციურ კლუბსაც სურს. „ლიონი“ კაპიტნის დარჩენით მოხარულია და სჯერა, რომ 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იგი გუნდის ნამდვილი ლიდერი იქნება“.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ "ლიონმა" განცხადება საიტიდან წაშალა. უცხოურ პრესაში ფრანგების გადაწყვეტილების განმაპირობებელი ფაქტორები, ჯერჯერობით არ ხმაურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები