სტივენსის მეორე თუ ჰალეპის პირველი?.. - დღეს
Aa
Aa

სტივენსის მეორე თუ ჰალეპის პირველი?.. - დღეს "როლან გაროსის" ფინალია

2018 წლის "როლან გაროსის" ქალთა თანრიგის ფინალურ შეხვედრაში, ამერიკელი, სლოუნ სტივენსი და რუმინელი, სიმონა ჰალეპი დაუპირისპირდებიან.

ჰალეპი ტურნირის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გათამაშებას მისი კონკურენტები - ელინა სვიტოლინა, გარბინ მუგურუსა და ანგელიკ კერბერი გამოეთიშნენ (კერბერსა და მუგურუსას თავად მოუგო). რაც შეეხება სტივენსს, მან ბოლო პერიოდში უდიდესი პროგრესი განიცადა და გასულ სეზონში ამერიკის ღია პირველობის, წელს კი მაიამის მასტერსის მოგება შეძლო.

საინტერესოა, რომ ჰალეპმა მიმდინარე ტურნირის პირველი 5 გეიმი წააგო, როცა იგი პირველ წრეში ელისონ რისკესთან 0:5-ზე მარცხდებოდა, საბოლოოდ ის თამაში 3 სეტში მოიგო. სტივენსმა ფინალამდე ერთადერთი სეტი წააგო და დიდი შანსი იყო, რომ კამილა ჯორჯისთან სულაც თამაშიც დაეთმო, რადგან იტალიელს მატჩზე ჩაწოდების საშუალება 2-ჯერ მიეცა.

ფინალისტებმა 1/2 ფინალური ეტაპი საკმაოდ მარტივად გაიარეს. სტივენსმა თანამემამულე და მეგობარი, მედისონ კიზი, 6:4; 6:4 დაამარცხა, ჰალეპმა კი ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტ გარბინ მუგურუსას 6:1; 6:4-ზე აჯობა

ურთიერთშეხვედრებში რუმინელი 5:2-ს იგებს, უშუალოდ თიხაზეც მისი უპირატესობაა - 2:0. მის მხარესაა გამოცდილებაც, რამეთუ 26 წლის ჩოგბურთელი "როლან გაროსის" ფინალში მესამედ თამაშობს - 2014 წელს მარია შარაპოვასთან წააგო, ხოლო გასულ სეზონში - ელენა ოსტაპენკოსთან.

საერთო ჯამში, ჰალეპი დიდი სლემის ტურნირების მე-4 ფინალში მონაწილეობს და ტიტული ჯერაც არ მოუგია. ჩამოთვლილი წაგებული ფინალების გარდა, იგი წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობის სატიტულო შეხვედრაში კაროლინ ვოზნიაცკისთან დამარცხდა. სამაგიეროდ, შედეგიანია სტივენსი, რომელიც დიდი სლემის ტურნირების ფინალში მეორედ მოხვდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის ღია პირველობაზე ტიტულს დაეუფლა.

21-ე საუკუნეში, ჰალეპი მე-6 მსოფლიოს პირველი ჩოგანია, რომელიც "როლან გაროსის" ფინალში ითამაშებს. ამ სტატუსით პარიზში ჟუსტინ ენინმა, ანა ივანოვიჩმა და 2-ჯერ სერენა უილიამსმა გაიმარჯვეს, დინარა საფინა და სერენა უილიამსი კი დამარცხდნენ.

თუკი ტურნირის მოგებას სტივენსი შეძლებს, ზედიზედ მე-3 სეზონში მოხდება, რომ "როლან გაროსის" მოგებით, ჩოგბურთელი წითელი ფერის გრუნტზე თავისთვის პირველ ტიტულს დაისაკუთრებს, იგივე 2016 წელს გარბინ მუგურუსას და 2017 წელს ელენა ოსტაპენკოს შემთხვევაში მოხდა.

ორივე ჩოგბურთელი იუნიორთა "როლან გაროსის" გამარჯვებულია - ჰალეპმა 2008 წელს ერთეულთა თანრიგში იმარჯვა, ხოლო სტივენსმა ტურნირი 2010 წელს, წყვილთა შორის, ტიმეა ბაბოშთან ერთად მოიგო.

საგულისხმოა ისიც, რომ 25 წლის ამერიკელს WTA-ს ეგიდით გამართული ტურნირების ფინალში არასდროს წაუგია და ზედიზედ 6 ტიტული აქვს მოპოვებული.

სტივენსმა ფინალში გასვლით მსოფლიო რეიტინგის მე-4 ადგილზე აღზევება გაინაღდა. სერენა და ვენუს უილიამსებს თუ არ ჩავთვლით, ლინდსი დევენპორტის შემდეგ, რომელიც 2006 წელს საუკეთესო ხუთეულში იყო, სტივენსი პირველი ამერიკელია, რომელმაც TOP 5 ჩოგბურთელში მოხვედრა მოახერხა. ამასთანავე, 44-ე ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც კარიერაში 10 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

ბოლოს ვთქვათ ისიც, რომ "როლან გაროსზე", ქალთა შორის, რუმინულ-ამერიკული ფინალი მეორედ შედგება. პირველად ეს 1980 წელს მოხდა, როცა ლეგენდარულმა კრის ევერტმა ვირჯინია რუზიჩის 6:0; 6:3 მოუგო.

ჰალეპისა და სტივენსის ფინალური მატჩი, ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე, თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები