ჩეკინატოს ზღაპარი დასრულდა... - ტიმი
Aa
Aa

ჩეკინატოს ზღაპარი დასრულდა... - ტიმი "როლან გაროსის" ფინალშია!

ავსტრიელი ჩოგბურთელი, დომინიკ ტიმი, "როლან გაროსის" 2018 წლის გათამაშების პირველი ფინალისტი გახდა. მან 1/2 ფინალში, ტურნირის მთავარი აღმოჩენა, იტალიელი, მარკო ჩეკინატო 3 სეტში დაამარცხა.

პირველ 2 სეტში შედარებით თანაბარი ბრძოლა იყო, გადამწყვეტ მომენტებში კი უკეთესად ტიმი თამაშობდა და წარმატებას კლასის ხარჯზე მიაღწია, მესამე პარტია კი უბრძოლველად წარიმართა და საბოლოოდ მატჩი 7:5; 7:6; 6:1 დასრულდა.

შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ავსტრიელმა 6 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მას 37 ვინერი ჰქონდა, რაც მეტოქის მაჩვენებელზე 13-ით მეტია. რაც შეეხება უნებლიე შეცდომებს, ამ კომპონენტში თანაფარდობა დაფიქსირდა - 26:26.

24 წლის ტიმი მეორე ავსტრიელი ჩოგბურთელია, რომელმაც "როლან გაროსის" ფინალში გასვლა შეძლო. 1995 წელს ეს ტურნირი, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ტომას მუსტერმა მოიგო.

აღვნიშნოთ ისიც, რომ ახალგაზრდა მოთამაშე დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა.

სხვათაშორის, გასული წლის მაისის შემდეგ, რაფაელ ნადალს გრუნტის საფარზე მხოლოდ 2 წაგება აქვს და ორივე შემთხვევაში ის ტიმთან დამარცხდა. არის შანსი, რომ ტიმი "თიხნარის მეფეს" ფინალში შეხვდეს, თუკი ესპანელი ხუან მარტინ დელ პოტროს დაამარცხებს. ფინალური შეხვედრა კვირას გაიმართება. 

დღევანდელი მატჩით, მარკო ჩეკინატოს ზღაპარი დასრულდა, რომელიც მსოფლიოს 72-ე ჩოგანია და ამ "როლან გაროსამდე", დიდი სლემის არცერთ ტურნირზე თამაშიც არ ჰქონდა მოგებული. იტალიელმა გათამაშების მიმდინარეობისას 2 უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა - ჯერ დავიდ გოფენს მოუგო, შემდეგ კი - ნოვაკ ჯოკოვიჩს.

ასევე იხილეთ - ნადალურად! - "მატადორის" მე-11 ფინალი "როლან გაროსზე"!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები