ერთეულებში 1/4 ფინალი, წყვილებში 1/2 ფინალი - გორგოძე იტალიაში წარმატებით თამაშობს!
Aa
Aa

ერთეულებში 1/4 ფინალი, წყვილებში 1/2 ფინალი - გორგოძე იტალიაში წარმატებით თამაშობს!

მსოფლიოს 273-ე ჩოგანი, ეკატერინე გორგოძე, ბრეშაში მიმდინარე ITF-ის ტურნირის 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდა. 

ქართველმა გათამაშების პირველ წრეში ადგილობრივ ალის მატეუჩის მოუგო, შემდეგ კი ლატვიელი, დიანა მარცინკევიცას ბარიერი დასძლია და დღეს ცნობილ ესტონელ ჩოგბურთელს, კაია კანეპის შეხვდება.

კანეპი 32 წლისაა და უდიდესი გამოცდილება აქვს. მას "როლან გაროსის", "უიმბლდონისა" და ამერიკის ღია პირველობის 1/4 ფინალში აქვს ნათამაშები. კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი კი 2012 წლის აგვისტოში ჰქონდა, როცა მსოფლიოს მე-15 ჩოგანი გახლდათ (ახლა 52-ე პოზიციაზეა).

ესტონელმა, რომელიც გრუნტის საფარზე კარგად თამაშობს, წინა კვირას "როლან გაროსის" პირველ წრეში დარია კასატკინასთან წააგო, იქამდე კი რომის მასტერსის 1/16 ფინალში სლოუნ სტივენსთან 3 სეტში დამარცხდა. 

გორგოძისა და კანეპის მატჩი დღეს 16:00 საათისთვისაა დაგეგმილი, რის შემდეგაც ქართველი უკვე წყვილთა შორის ითამაშებს.

26 წლის ქართველი და მისი მეწყვილე, უკრაინაში დაბადებული იტალიელი, ანასტასია გრიმალსკა, 1/2 ფინალში არიან გასული, სადაც კრისტინა დინუსა და ჟანა პოზნიხირენკოს დუეტს დაუპირისპირდებიან. თამაში დაახლოებით 18:30 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე დარჩენილ წყვილთაგან, საუკეთესო განთესვა სწორედ დინუ/პოზნიხირენკოს დუეტს აქვს, რომელიც ტურნირის მე-2 ნომერია, გორგოძე/გრიმალსკას წყვილი კი მე-3 ნომრადაა განთესილი.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა შორის გორგოძემ წელს თბილისის ტურნირი მოიგო, გასულ სეზონში კი 4 ტიტულს დაეუფლა - კასტელონში, თელავში და 2-ჯერ სტამბულის ტურნირზე იმარჯვა. საერთო ჯამში, მას ერთეულთა შორის 13 ტურნირი აქვს მოგებული.

ეკო წყვილთა თანრიგში უფრო წარმატებულია და მიმდინარე სეზონში გამარჯვებას ანტალიაში და სანტა მარგერიტაში მიაღია, სადაც სოფია შაფათავასთან ერთად თამაშობდა. გორგოძეს კარიერაში წყვილთა შორის 23 ტურნირზე აქვს ტიტული მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები