მატია პერინი ტურინში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა
Aa
Aa

მატია პერინი ტურინში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა

25 წლის იტალიელი მეკარე, მატია პერინი, როგორც ჩანს, კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს. იგი ტურინში გუშინ ჩავიდა და დღეს დილას სამედიცინო შემოწმება გაიარა.

აპენინური გამოცემები წერენ, რომ "ვეკია სინიორამ" "ჯენოასთან" ტრანსფერი შეათანხმა და გენუური გუნდი თავისი კაპიტნის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო პერინის წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება.

ნიჭიერი გოლკიპერის ტრანსფერი, ოფიციალურად 1 ივლისს გაფორმდება. ჩვენ წინა ზაფხულს მომხდარი ფაქტი გვახსოვს, რომელიც ასევე "იუვენტუსს" უკავშირდება. მაშინ პატრიკ შიკმა "იუვეში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, თუმცა იმის გამო, რომ სატრანსფერო ფანჯარა გახსნილი არ იყო, გარიგება ოფიციალურად ვერ დადასტურდა, რამდენიმე კვირაში კი ტრანსფერი საერთოდ ჩაიშალა და შიკმა კარიერა "რომას" რიგებში გააგრძელა.

მატია პერინს რამდენიმე წლის წინ ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელად ასახელებდნენ, თუმცა ტრავმებმა მისი პროგრესი საგრძნობლად შეაფერხა. "ჯენოას" ყოფილ კაპიტანს იტალიის ყველა ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ გუნდში კი 2014 წლიდან ასპარეზობს, თუმცა "სკუადრა აძურას" ფორმით მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული. 

პერინს, რომელიც "ჯენოას" სკოლის აღზრდილია და კლუბის შემადგენლობაში 200-ზე მეტ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, "იუვენტუსში" კონკურენტად ვოიცეხ შესნი დახვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები