ჰალეპი დიდი სლემის მე-4 ფინალში! - დადგა დრო?
Aa
Aa

ჰალეპი დიდი სლემის მე-4 ფინალში! - დადგა დრო?

"როლან გაროსის" პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სიმონა ჰალეპი, გარბინ მუგურუსას დაუპირისპირდა.

თამაში საათსა და 34 წუთს გაგრძელდა და რუმინელის უპირატესობა აშკარა იყო. სიმონამ პირველი პარტია ბრწყინვალედ ჩაატარა და მეტოქე 6:1 გაანადგურა, რასაც მე-2 სეტის სტარტზე მუგურუსას მიერ შესრულებული ბრეიკი და მისი დაწინაურება მოჰყვა. 3:4-ზე ჰალეპმა ზედიზედ 3 გეიმი მოიგო, მათ შორის 2 მეტოქის მოწოდებაზე და მატჩი 6:1; 6:4 დაასრულა.

გამარჯვებული თითქმის ყველა ძირითად სათამაშო კომპონენტში უკეთესი გახლდათ. მის ანგარიშზე 16 ვინერი და 24 უნებლიე შეცდომა იყო, მუგურუსამ კი მხოლოდ 14 ვინერი შეასრულა და 31-ჯერ შეცდა.

"მართლაც ბედნიერი ვარ, რადგან ისეთი მოთამაშის დამარცხება შევძელი, როგორიც მუგურუსაა. მასთან თამაში ყოველთვის რთულია, რადგან შესანიშნავი მეტოქე და ბრწყინვალე ჩოგბურთელია. 

ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშე და მიმდინარე ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე. ბედნიერებას სწორედ ეს მანიჭებს, რომ მატჩიდან მატჩამდე ვუმატებ და უკეთეს თამაშს ვაჩვენებ.

პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებდი და ინიციატივის დათმობაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია. თავდაჯერებულობას თითოეული გეიმისას ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ მატჩის საჩემოდ დასრულება შემეძლო". - განაცხადა ჰალეპმა.

სიმონა ჰალეპი "როლან გაროსის" გასული სეზონის ფინალისტია, როცა მან ელენა ოსტაპენკოსთან 3 სეტში წააგო. ზოგადად, ეს მისი მე-4 სადიდსლემო ფინალია და აქამდე ჩატარებული 3 წაგებული აქვს. ოსტაპენკოსთან მარცხის გარდა, მას გზა 2014 წელს ამავე ტურნირზე მარია შარაპოვამ გადაუღობა, წლევანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე კი კაროლინ ვოზნიაცკისთან დამარცხდა.

"როლან გაროსის" მიმდინარე გათამაშების ფინალურ შეხვედრაში სიმონა ჰალეპი და სლოუნ სტივენსი შეხვდებიან. თამაში შაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები