ჯერ მუნდიალი, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა - მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
Aa
Aa

ჯერ მუნდიალი, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა - მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ფეხბურთის გულშემატკივრები უკვე დღეებსა და საათებს ითვლიან.

არგენტინის ნაკრების მთავარი იმედი ლეო მესი ესპანურ Mundo-ს ვრცლად ესაუბრა და უამრავ თემას შეეხო.

გთავაზობთ მესის ინტერვიუს სრულ ვერსიას.

„ვალვერდე გულწრფელი და კარგი ადამიანია, იგი მზრუნველი პიროვნებაა და ფეხბურთელებთან დიდ დროს ატარებს. მას საუბრისას არანაირი პრობლემა არ აქვს და სათქმელს მუდამ პირდაპირ ამბობს. ვალვერდე ნამდვილი პროფესიონალია, იგი მატჩებისთვის მთელი სერიოზულობით ემზადება და ფეხბურთელებსაც იგივე მიდგომას გადასცემს“.

ზედიზედ სამი წელია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპიდან ვვარდებით და მომავალ სეზონში ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა დავარღვიოთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რეგულარულად ჩვენზე სუსტ გუნდებთან ვმარცხდებით. დროა მეოთხედფინალური ბარიერი დავძლიოთ და ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიპოვოთ“.

გრიზმანი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც კარიერის პიკში იმყოფება. კარგი მოთამაშეები ერთმანეთს მარტივად უგებენ, ამიტომ დარწმუნებული ვარ ჩვენ მინდორზე არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება.

„გრიზმანის ტაქტიკურ სქემაში ჩასმა მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ერთი რამ ფაქტია, მაღალი კონკურენცია სათამაშო დონეს ამაღლებს. ჩვენ საუკეთესო გუნდად ყოფნის ამბიცია გვაქვს, ამ მიზნის მისაღწევად კი კლუბში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გადმოყვანაა საჭირო, რაც გუნდის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია და მე ვერაფერს ვიზამ“.

რომ შემეძლოს ნეიმარს სიამოვნებით დავაბრუნებდი, იგი საოცარი ფეხბურთელია და მისი ბარსაში ყოფნა ბევრ რამეს შეცვლის. თუმცა მისი ტრანსფერი საკმაოდ რთული განსახორციელებელია, ჩემთვის რომ გეკითხათ ნეიმარს აუცილებლად გადმოვიყვანდი. სიმართლე გითხრათ, არ მინდა რომ ბრაზილიელი „რეალში“ წავიდეს.

„წარმოდგენა არ მაქვს კრიშტიანუ კომენტარის გაკეთებისას რაზე ფიქრობდა. მიმაჩნია, რომ მას პერსონალური მიზეზები აქვს და წასვლა-დარჩენის საკითხი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ზიდანს, მისი განცხადება საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა. არვიცი მომავალში რა მოხდებოდა მაგრამ ზიდანმა ყველაფერი მოიგო, ისტორიაში შევიდა და გუნდი შესაფერის მომენტში დატოვა“.

გერმანიასთან წაგებული ფინალის შესახებ დიდხანს ფიქრობდი?

სიმართლე გითხრათ კი, რადგან საკმაოდ რთულ და არასასიამოვნო სიტუაციაში აღვმოჩნდით. თასის აღმართვასთან ძალიან ახლოს ვიყავით.. ვფიქრობ ფინალის და მთლიანად ტურნირის კარგად ჩატარების გამო ჩემპიონობას ვიმსახურებდით“.

როგორ ფიქრობ, არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ფორმის პიკში ხვდება?

გუნდმა საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა, რამდენიმე მწვრთნელი შეიცვალა და არგენტინის ფედერაციასთან დაკავშირებული პრობლემები დღემდე ნაკრებში რჩება. ამ ყველაფერმა თამაშებზე კონცენტრაციის მოხდენა გაართულა, თუმცა ბოლო შეხვედრას სრული სიმშვიდით შევხვდით და მსოფლიო ჩემპიონატზეც იგივეს გაკეთებას ვაპირებთ. გუნდი მუნდიალისთვის მეთოდურად ემზადება, თუმცა ესპანეთთან მატჩმა გარკვეულწილად უკან დაგვხია.

ესპანეთთან ნამდვილი არგენტინა ვიხილეთ?

ესპანეთის წინააღმდეგ მშვენიერი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. გოლები, რომლებიც „ფურია როხამ“ გაგვიტანა თამაშის შინაარსში არ ჯდებოდა და ჩვენი შეცდომების ბრალი იყო. მესამე და მეოთხე გოლი სწრაფად მივიღეთ და ამის შემდეგ გუნდი აირია. ესპანელებთან ჩატარებულ შეხვედრაში ბევრი შეცდომები გამოვავლინეთ და მსოფლიო ჩემპიონატამდე მათ გამოსწორებას შევეცდებით.

კენჭისყრის შედეგად არგენტინას ფინალამდე საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს, როგორ ფიქრობ რა გავლენას იქონიებს ეს გუნდზე?

მსოფლიო ჩემპიონატი ურთულესი ტურნირია და მისი მოგება ძლიერი მეტოქეების დამარცხების გარეშე წარმოუდგენელია. სატურნირო ბადის მეორე მხარეს ბრაზილია შესაძლებელია ინგლისს ან ბელგიას დაუპირისპირდეს. მუნდიალის ხიბლი სწორედ ესაა, ფინალამდე გრანდებს აუცილებლად შეხვდები.

შენს გარდა, როგორ ფიქრობ, მუნდიალზე რომელი მოთამაშე გაიბრწყინებს?

შემადგენლობებს რომ გადახედოთ ნახავთ, რომ მუნდიალზე თავი ბევრმა კარგმა მოთამაშემ მოიყარა. ბრაზილიის ღირსებას ნეიმარი და კოუტინიო იცავენ. ესპანეთის რიგებში ინიესტა და სილვა თამაშობენ, გერმანიას გამოკვეთილი ვარსკლავი არ ჰყავს მაგრამ საკმაოდ შეკრული გუნდი და მოქმედი ჩემპიონია. ბელგიის რიგებში აზარი და დე ბრუინი ასპარეზობენ, საფრანგეთს კი გრიზმანი და მბაპე ჰყავს.

ფეხბურთით გაგიჟებული არგენტინელი ერის ტვირთის ზიდვა რთულია?

არგენტინაში ყველაფერი სხვანაირადაა. იქ ხალხი ფეხბურთით ცოცხლობს, წინა მუნდიალის მიმდინარეობისას მოსახლეობის უმრავლესობა ქუჩაში ცხოვრობდა და საკუთარ ნაკრებს გულშემატკივრობდა. სამწუხაროა, რომ ქომაგებს გული დავწყვიტეთ და უკანასკნელი 3 ფინალიდან გამარჯვება ვერცერთში მოვიპოვეთ.

წინა მუნდიალზე ბრაზილიაში ბევრი არგენტინელი ქომაგი ჩავიდა, როგორ ფიქრობ რუსეთშიც იგივე სიტუაცია იქნება?

წინა მსოფლიო ჩემპიონატი საოცრება იყო. თავს როგორც საკუთარ სტადიონზე ისე ვგრძნობდით. რუსეთში გასამართ მსოფლიოზე ფავორიტები ვართ და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს საგულშემატკივროდ ბევრი არგენტინელი წამოვა.

ფინალში რომელი ნაკრების წინააღმდეგ თამაშს ისურვებდი?

სულერთია. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ოპონენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

პიკეს, ინიესტას, სუარესს, ალბას, ტერ შტეგენს, კოუტინიოს ან პაულინიოს მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო დაპირისპირების შესახებ ელაპარაკე?

კი, ჩვენ სამომავლო დაპირისპირებებს ხშირად განვიხილავდით და ბევრს ვხუმრობდით. ხვალ შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლანდელი დროა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველაფერი მეთოდურად უნდა განვახორციელოთ. ჯერჯერობით ჩვენი მიზანი ისლანდიის წინააღმდეგ წარმატებული თამაში და ჩემპიონატის დადებით ნოტაზე დაწყებაა.

ისლანდიის შესახებ რას ფიქრობ?

ისლანდიას მშვენიერი ნაკრები ჰყავს. ისინი თავს კარგად იცავენ, რაც ევრო 2016-ზე იდეალურად გამოჩნდა. მათთვის გოლის გატანა ადვილი ნამდვილად არაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასაკარგი არაფერი აქვთ.

იმ ხალხის შესახებ რას ფიქრობ, რომლებსაც საკუთარი ნაკრების წარმატებაზე მეტად შენი ჩემპიონობა სურს?

ვამაყობ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამდენი ქომაგი მგულშემატკივრობს. ზოგიერთ მათგანს საკუთარი ნაკრების წარმატებაზე მეტად ჩემი ჩემპიონობა სურს, რაც ორმაგად დასაფასებელი და შთამბეჭდავია. იმედი მაქვს მათ ოცნებას ავუხდენ და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მოვიპოვებ.

მუნდიალის წინ არგენტინის გულშემატკივრებს რას ეტყვი?

იგივეს, რასაც აქამდე ვამბობდი. მსოფლიო ჩემპიონატს დიდი ენთუზიაზმით ველით. მართალია ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ბევრი ვიშრომეთ და ტურნირისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ. ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფრისთვის მზად ვართ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები