რაფა და ამინდი დამეგობრდნენ - ესპანელს წვიმამ უშველა...
Aa
Aa

რაფა და ამინდი დამეგობრდნენ - ესპანელს წვიმამ უშველა...

რაფაელ ნადალსა და დიეგო შვარცმანს შორის, "როლან გაროსის" 1/4 ფინალური ეტაპის გუშინ დაწყებული და დღეს დასრულებული შეხვედრა, რაფაელ ნადალისთვის წარმატებული გამდგა და "მატადორი" ამ ტურნირზე თავის მე-11 ტრიუმფს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

გუშინ, სანამ წვიმა დაიწყებოდა, შვარცმანი შესანიშნავად გამოიყურებოდა და პირველის სეტის 6:4 მოგების შემდეგ, მეორე პარტიასაც ბრეიკით, 3:2-ს იგებდა, ამ დროს კი წვიმა წამოვიდა... შეხვედრის მიმდინარეობისას, შვარცმანის ბრწყინვალე თამაშის შემხედვარე, ნადალს პაუზა უეჭველად სჭირდებოდა, რადგან მეტოქის შეჩერება ძალიან უჭირდა და ვინ იცის, გაგრძელების შემთხვევაში, რა შედეგს მივიღებდით...

თამაში დაახლოებით 40 წუთით შეწყდა, პაუზის შემდეგ ნადალმა ზედიზედ 3 გეიმი აიღო, 5:3 დაწინაურდა, საკუთარ ჩაწოდებაზე კი 30:15-ს იგებდა და ისევ გაწვიმდა, რის გამოც თამაში დღეისთვის გადაიდო.

დღეს სულ სხვა სურათი ვიხილეთ, ნადალმა უპირატესობა პირველივე გათამაშებიდან მოიპოვა და გამარჯვებამდე საქმე იოლად მიიყვანა - 4:6; 6:3; 6:2; 6:2.

საგულისხმოა, რომ პირველ პაუზამდე, ნადალმა საკუთარი მოწოდება 5-ჯერ წააგო, პაუზის შემდეგ კი შვარცმანს ბრეიკის შესრულების საშუალება აღარ მისცა და ზედიზედ 10 საკუთარი გეიმი აიღო.

რაფა "როლან გაროსის" 1/2 ფინალში მე-11-ედ გავიდა და ღია ერაში მე-4 ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც დიდი სლემის ერთ-ერთ ტურნირზე ასეთ შედეგს მიაღწია. წინა 10 შემთხვევაში, როცა ნადალმა პარიზში 1/2 ფინალში გააღწია, ტიტულის მოგებაც მოახერხა.

ნადალი ტურნირის 1/2 ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება, რომელმაც მარინ ჩილიჩს 4 სეტში მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები