„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დიოგო დალოტი გაიფორმა
Aa
Aa

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დიოგო დალოტი გაიფორმა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „პორტოდან“ მარჯვენა მცველი დიოგო დალოტი შეიძინა. ფეხბურთელმა „წითელ ეშმაკებთან“ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანჩესტერელებს ტრანსფერი 17.4 მლნ ფუნტი დაუჯდათ. „იუნაიტედს“ მარჯვენა მცველი, 33 წლის ანტონიო ვალენსიას შემცვლელად სჭირდება, რომელიც ხშირად ტრავმიანობს.

19 წლის ფეხბურთელს მარჯვენა მცველის პოზიციის გარდა, მარცხენა მცველად თამაშიც შეუძლია. ის „პორტოს“ შემადგენლობაში სწორედ მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო.

თინეიჯერის გაფორმების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა - „დიოგო ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მცველია. მას ყველანაირი მონაცემი აქვს იმის, რომ ძალიან სწრაფად კლუბის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. დიოგოს ყველაფერი აქვს, რაც მცველს სჭირდება - ფიზიკური მონაცემები, ტაქტიკური ინტელექტი და ტექნიკა. ამ ყველაფერს კი „პორტოს“ საფეხბურთო აკადემიის მენტალიტეტი ემატება, რაც მას პროფესიონალ ფეხბურთელად აქცევს. თავის ასაკში ის ევროპის საუკეთესო მცველია და გვჯერა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ ნათელი მომავალი აქვს.“

„წითელ ეშმაკებში“ გადასვლის შემდეგ, კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა - „მანჩესტერ იუნაიტედში გადმოსვლა ჩემთვის დაუჯერებელ შესაძლებლობებს ნიშნავს. მე პორტოს საფეხბურთო აკადემიაში გავიზარდე და მათი მადლიერი ვარ. თუმცა მსოფლიოს უდიდეს კლუბში გადმოსვლა ისეთი რამაა, რაზეც უარს ვერ ვიტყოდი. მიხარია, რომ მოურინიოსთან ერთად ვიმუშავებ და ამავდროულად მისგან ბევრს ვისწავლი. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ იმ ფანტასტიურ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც ამ კლუბში თამაშობენ.“

დიოგო დალოტი 2016 წლის ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატზე, პორტუგალიას თასის მოგებაში დაეხმარა. მან 5 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი ფინალში, ესპანეთის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები