მარცხი დაძაბულ ბრძოლაში - დალაქიშვილი
Aa
Aa

მარცხი დაძაბულ ბრძოლაში - დალაქიშვილი "როლან გაროსს" დაემშვიდობა

16 წლის ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ დალაქიშვილი "როლან გაროსის" იუნიორთა ტურნირს 1/16 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

მარიამმა პირველ რაუნდში სლოვაკი, ლენკა სტარა 6:4; 6:0 დაამარცხა და შემდეგ წრეში ფრანგ კლარა ბურელზე გავიდა.

ბურელი 17 წლისაა და იუნიორთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ჩოგბურთელია. იგი მიმდინარე წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ფინალში დამარცხდა. ამასთანავე, პერიოდულად WTA-ს ტურნირებში მონაწილეობს და პროფესიონალ ქალთა ასოციაციის რეიტინგში 962-ე პოზიციას იკავებს.

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის პირველი სეტის აბსოლუტურად ყველა გეიმში ბრძოლა იყო, ბურელმა პარტია მშრალი ანგარიშით, 6:0 მოიგო.

მარიამმა მეორე სეტში სიტუაცია გამოასწორა, უპირატესობა მოიპოვა და 6:2 გამარჯვებით, პარტიებში ანგარიში გაათანაბრა.

მე-3 სეტში ქართველი 1:4-ზე ჩამორჩა, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია და 4:4-ზე საკუთარი მოწოდების მოგებით, წინ გასვლაც შეეძლო, თუმცა ჩაწოდება დათმო და საბოლოოდ თამაში დაძაბულ ბრძოლაში, 0:6; 6:2; 6:4 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ამავე თანრიგში კიდევ ერთმა ქართველმა, 17 წლის ანა მაქაცარიამ იასპარეზა, რომელიც პირველივე წრეში, ამერიკელ ლეა მასთან 6:7; 2:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები