Aa
Aa

"როლან გაროსზე" 1/4 ფინალური წყვილები გამოვლინდა

„როლან გაროსის“ 1/8 ფინალური ეტაპის დარჩენილი მატჩები დღეს გაიმართა.

ტურნირის უმთავრესმა ფავორტიმა, რაფა ნადალმა გერმანელი მაქსიმილიან მარტერერის წინააღმდეგობა 3 სეტში დაძლია, თუმცა არც მთლად ისეთი იოლი მატჩი ჰქონია, როგორებიც წინა რაუნდებში. ესპანელმა პირველი და მეორე სეტი დამაჯერებლად მოიგო, მე-3 პარტიაში კი საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა და „მატადორმა“ სეტი მისი მეშვეობით დახურა - 6:3; 6:2; 7:6.

ესპანელი 1/4 ფინალში არგენტინელ დიეგო შვარცმანზე გავიდა, რომელმაც კევინ ანდერსონთან მებრძოლი სული გამოავლინა და თამაში 0:2-დან მოიგო - 1:6; 2:6; 7:5; 7:6; 6:2.

5 სეტიანი დაპირისპირება შედგა მარინ ჩილიჩსა და ფაბიო ფონინის შორის. ჩილიჩი 2:0-ს იგებდა, თუმცა იტალიელმა წონასწორობის აღდგენა შეძლო, საბოლოოდ კი მაინც ხორვატმა მოიგო და 1/4 ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება. დელ პოტრომ ჯონ ისნერს იოლად მოუგო, რადგან გიგანტ ამერიკელს ყველა სეტში ბრეიკით აჯობა.

ქალთა შორის იოლი გამარჯვებები მოიპოვეს სიმონა ჰალეპმა და ანგელიკ კერბერმა. რუმინელმა ელიზ მერტენსს მოუგო, გერმანელმა კი - მასპინძელთა ერთ-ერთ იმედ კაროლინ გარსიას. ჰალეპი და კერბერი 1/4 ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.

ბრძოლა არ შედგა დარჩენილ 2 თამაშში. სერენა უილიამსმა მხრის ტრავმის გამო, მარია შარაპოვასთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადა და რუსი შემდეგ ეტაპზე ობრძოლველად გავიდა, სადაც ასევე დასვენებულ გარბინ მუგურუსას შეხვდება. მუგურუსას მეტოქემ, ლესია ცურენკომ, მატჩის სტარტზე ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

დღეს 1/4 ფინალური ეტაპი იწყება. დომინიკ ტიმი ალექსანდრ ზვერევს, მარკო ჩეკინატო კი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. ქალთა შორის მედიონ კიზი იულია პუტინცევას დაუპირისპირდება, სლოუნ სტივენსი კი - ბრწყინვალე ფორმაში მყოფ დარია კასატკინას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები