ამჯერად ვერატი -
Aa
Aa

ამჯერად ვერატი - "მანჩესტერ იუნაიტედი" მეორე ტრანსფერს გეგმავს

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა. დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი მალე "ოლდ ტრაფორდზე" სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.

"იუნაიტედს" ტრანსფერი 52 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

The Sun-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო ნახევარდაცვის გაძლიერებას განაგრძობს და მისი მომდევნო სამიზნე "პსჟ"-ს იტალიელი შუახაზელი მარკო ვერატია.

25 წლის ვერატის ბედს გასულ ზაფხულს "ბარსელონას" უკავშირებდნენ, თუმცა გარიგება არ შედგა.

თავად ვერატი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის, რადგან ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს და პარიზულ გუნდში ყოველი სეზონი უიმედოდ სრულდება.

"წითელი ეშმაკები" "პსჟ"-სთვის 100 მილიონ ევროს ამზადებენ.

"მანჩესტერს" "ლაციოს" სერბი ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენა სურდა, თუმცა რომაელებმა მოლაპარაკებების დროს ფასი გაზარდეს და "იუნაიტედი" ვერატიზე გადაერთო.

როგორც ცნობილია, "ოლდ ტრაფორდს" მაიკლ კერიკი და მარუან ფელაინი ტოვებენ. მოურინიოს ნახევარდაცვის ხაზში უმაღლესი დონის მოთამაშეების შეძენა სურს.

ახალი სეზონისთვის "მანკუნიანელთა" გეგმები იზრდება. მოურინიოს გუნდს პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში პორტუგალიელს პოსტს დაატოვებინებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები