რონალდუს სურვილი მათ ფინალამდე იცოდნენ - პორტუგალიელი მატჩამდე თანაგუნდელებს ესაუბრა
Aa
Aa

რონალდუს სურვილი მათ ფინალამდე იცოდნენ - პორტუგალიელი მატჩამდე თანაგუნდელებს ესაუბრა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ გააოცა ბევრი გულშემატკივარი, თუმცა მის თანაგუნდელებს ჰქონდა ინფორმაცია რონალდუს სურვილის შესახებ, რაც გუნდიდან წასვლას გულისხმობდა. marca-ს ცნობით ვიდრე რონალდუ საჯარო განცხადებას გააკეთებდა, სუპერვარსკვლავმა სურვილი თანაგუნდელებს გაანდო. მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელებს ინფორმაცია ჰქონდათ, ფინალის შემდეგ მისი გამოსვლით გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი უკმაყოფილი იყო.

ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგების შემდეგ რონალდუმ bein sports-ს უთხრა:  ''უახლოეს პერიოდში მადრიდის ''რეალის'' გულშემატკივრებს მივმართავ. ახლა დასვენების დროა, შემდეგ შევუერთდები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს და გავაკეთებ განცხადებას უახლოეს რამდენიმე კვირაში. ''რეალში'' გატარებული პერიოდი შესანიშნავი იყო. ჩვენ შევქმენით ისტორია'' - აღნიშნა პორტუგალიელმა.

ჟურნალისტის კითხვას  ''რეალთან'' დაკავშირებით რატომ ისაუბრა წარსულ დროში, რონალდუმ შემდეგი პასუხი გასცდა: '' ვფიქრობ დღეს ეს არ არის მნიშვნელოვანი. გამარჯვებით ვტკბებით და ''რეალის'' ნებისმიერი მოთამაშის მომავალი დღეს უმნიშვნელოა. ვნახოთ რა მოხდება მომავალში.''

გასახდელში რამოსის საუბარი რონალდუსთან 

რონალდუს გულწრფელ კომენტარს კრიტიკულად შეხვდა სერხიო რამოსი, რომელსაც რონალდუს უთხრა, რომ ასეთ დროს ამ ტიპის კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა.

''არ არის კარგი, როგორც მოიქეცი. ეს არ იყო სწორი დრო ამ თემაზე სასაუბროდ. შენ ნაბიჯი უნდა გადადგა უკან და ჩვენ შენ დაგეხმარებით. ჩვენ ვართ შენთან ერთად, მაგრამ შენც უნდა დაგვეხმარო'' - Marca-ს ცნობით ასე მიმართა რამოსმა გასახდელში რონალდუს.

რონალდუს საუბრის შეცვლილი პათოსი

აღნიშნული საუბრის შემდეგ პორტუგალიელის საუბრის პათოსი მკვეთრად შეიცვალა. მას შემდეგ რაც ''სამეფო კლუბი'' უკრაინის დედაქალაქიდან სამშობლოში დაბრუნდა და ტრიუმფატორებს ათასობით ქომაგი დახვდა, რონალდუმ ასე ისაუბრა: ''ვნახოთ რა მოხდება შემდეგ სეზონში. ''რეალში'' თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს უდიდესი კლუბია. მადრიდში ძალიან კომფორტულად ვარ. ''რეალის'' დღევანდელი ფეხბურთელები ნებისმიერ ბარიერს დაძლევენ გამარჯვების მისაღწევად.''

ესპანური მედიის ცნობით რამოსის სიტყვებმა რონალდუს მედიასთან საუბარზე გავლენა მოახდინა და სუპერვარსკვლავმა განაცხადა, რომ მადრიდულ გრანდში ყოფნა დიდ ბედნიერებას ანიჭებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები