რამოსი და
Aa
Aa

რამოსი და "რეალი" - სალაჰმა პასუხებს თავი აარიდა - რამდენ მატჩს გამოტოვებს ეგვიპტელი?

ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსთან ორთაბრძოლის დროს მიღებული მხრის ტრავმა მუჰამედ სალაჰისთვის საკმაოდ რთული გამოდგა.

თავდაპირველი ინფორმაციით ფეხბურთელს მუნდიალზე გამგზავრების შანსი არ ჰქონდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ექიმების ახალმა დიაგნოზმა სალაჰის ქომაგები ცოტათი დაამშვიდა.

საბოლოოდ კი ფრანგული L'equipe ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ეგვიპტელ ფეხბურთელს სრულად გამოჯანრთელებისთვის 3-4 კვირა დასჭირდება.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ სალაჰი ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას გამოტოვებს.

პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშის გარეშე "ფარაონები" ჯგუფში აშკარა აუტსაიდერებად იქცევიან.

ამჟამად "ლივერპულის" ლიდერი ვალენსიაში იმყოფება, სადაც ის დასკვნით სამკურნალო პროცესს გაივლის. ეგვიპტელი ფეხბურთელი აეროპორტში შენიშნეს და ის მაშინვე ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა.

სალაჰს ორი კითხვა დაუსვეს - ადანაშაულებდა, თუ არა ის რამოსს და გადავიდოდა, თუ არა ახალ სეზონში მადრიდის "რეალის" რიგებში. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებმა ფეხბურთელისგან პასუხი ვერ მოისმინეს.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტე მსოფლიო ჩემპიონატს 15 ივნისს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები