Aa
Aa

"მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა" - კარვახალის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის შემდეგ დანი კარვახალის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბოლო დღეებში ესპანელ განაპირა მცველს იმედი მიეცა.

საბოლოო გამოკვლევამ გამოავლინა, რომ დაზიანება არც ისე რთულია, როგორც ეს თავიდან ჩანდა.

ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ხულენ ლოპეტეგმა გადაწყვიტა, რომ კარვახალს დაელოდოს და მას შანსი მისცეს.

საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და ყველაფერს ამის შემდეგ გავიგებთ.

"შეგრძნება მქონდა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო და ეს დადასტურდა კიდეც.

ექიმმა გვითხრა, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და ჩვენ პროგრესს დავინახავთ. დავიცდით და იმედი გვაქვს, რომ პირველ შეხვედრამდე კარვახალი მწყობრში ჩადგომას მოასწრებს", განაცხადა ლოპეტეგიმ.

არსებულ სიტუაციაზე თავად კარვახალმაც ისაუბრა, რომელიც საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. საწვრთნელ ბაზაზე მივედი და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ფორმაში ჩავდგე.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუნდიალის დაწყებამდე მწყობრში ვიყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ფანტასტიური გახლდათ, თუმცა ამჯერად ჩემი ქვეყნის ღირსება უნდა დავიცვა და კონცენტრირებული მხოლოდ ამაზე ვარ".

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს. ესპანეთის ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 15 ივნისს ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები