დატოვებს ბეილი  „რეალს“? - რომელ კლუბში გადავა უელსელი
Aa
Aa

დატოვებს ბეილი „რეალს“? - რომელ კლუბში გადავა უელსელი

მადრიდის „რეალის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის თასის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ, კლუბიდან ფინალის მთავარი გმირის, გარეთ ბეილის წასვლის შესახებ ლაპარაკი დაიწყო. უელსელმა ფეხბურთელმა სამეფო გუნდში ყოფნის პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ბევრჯერ სცადა, თუმცა მას 90 წუთის განმავლობაში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდა.

კიევში გამართულ ფინალში ის სათადარიგოთა სკამიდან გამოვიდა და 2 საოცარი გოლით დაამტკიცა, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია. მადრიდელებმა ლიგის თასი სწორედ მას შემდეგ მოიგეს, რაც 28 წლის ბეილმა 2 გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

 

მატჩის დასრულების შემდეგ, გარეთ ბეილს სათადარიგოთა სკამზე ჯდომის გამო იმედგაცრუება არ დაუმალავს. მან განაცხადა, რომ ზაფხულში ის თავის აგენტთან ერთად დაჯდება და სამომავლო გეგმებს განიხილავს.

 

„მე ფეხბურთის თამაში ყოველ კვირას მჭირდება, ეს კი ამ სეზონში არ მომხდარა. ტრავმირებული 5-6 კვირა ვიყავი, დანარჩენი დრო კი თამაში შემეძლო. ზაფხულში ჩემს აგენტთან ერთად უნდა დავჯდე და ჩემს მომავალზე ვესაუბრო.“

ბეილის ამ განცხადების შემდეგ მსოფლიო პრესა იმ გუნდებზე ალაპარაკდა, რომლებშიც შესაძლოა ახალი სეზონიდან უელსელი ფეხბურთელი ვიხილოთ.

 მანჩესტერ იუნაიტედი

ალბათ ყველაზე რეალური ვარიანტი სწორედ „წითელ ეშმაკებში“ გადასვლაა. იუნაიტედმა ბეილის გადაბირება „რეალთან“ აქამდე უკვე ორჯერ შეათანხმა, თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა. ბეილის უკანასკნელ კომენტარებს თუ გადავხედავთ ეს დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ „იუნაიტედი“ კიდევ ერთხელ გააქტიურდება და მის ყიდვას შეეცდება. ესპანური გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „იუნაიტედის“ მთავარი სამიზნე, სწორედ ბეილი იქნება და მის სანაცვლოდ 121 მილიონ ფუნტს გადაიხდის. ამასთან ერთად, დიდი ხანია მოურინიოს ნამდვილი ვინგერი სჭირდება. „მანჩესტერ იუნაიტედს“ გასულ ზაფხულს ივან პერისიჩის ყიდვა სურდა, თუმცა მის სანაცვლოდ გადასახდელი ფასი ეძვირა. ბეილის შემთხვევაში კი ნაკლებია იმის შანსი, რომ შარშანდელი შეცდომა გაიმეორონ.

 ტოტენჰემი

ბეილმა კარიერა „საუთჰემპტონში“ დაიწყო, მაგრამ სწორედ „ტოტენჰემში“ იქცა ის ვარსკვლავად. კლუბის დატოვების შემდეგ, „ტოტენჰემში“ ბევრი რამ შეიცვალა - გუნდი პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვდა და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა, რაც ბეილისთვის ყოფილ გუნდში დაბრუნებას უფრო მიმზიდველს გახდის. „ტოტენჰემის“ გულშემატკივრებს უელსელი დღემდე უყვართ და დაბრუნების შემთხვევაში მას გაშლილი ხელებით დახვდებიან.

ბაიერნი

გუნდი, რომლის თამაშის სტილიც ბეილთან ყველაზე ახლოსაა. წლების განმავლობაში „ბაიერნი“ ფლანგებზე 34 წლის არიენ რობენითა და 35 წლის, ფრენკ რიბერით ასპარეზობს. ამ ეტაპზე ორივე ფეხბურთელი კარიერის დასასრულს უახლოვდება და გარეთ ბეილი მათი ღირსეული შემცვლელი ნამდვილად იქნება.

იუვენტუსი

ბეილის გადაბირება სწორედ ის ტრანსფერი იქნებოდა, რომელიც „იუვენტუსს“ ძალიან სჭირდება. იტალიის სერია ა-ს გიგანტებმა გასული 2 ჩემპიონთა ლიგა სამწუხარო მარცხებით დაასრულეს. ისეთი დიდი ტრანსფერით კი, როგორიც ბეილის ყიდვაა, გუნდი შესაძლოა ევროპაში დომინანტი გახდეს.

პსჟ

პარიზული გრანდი ფულის დახარჯვას არ ერიდება. მათ ჩვენ ნეიმარისა და მბაპეს ტრანსფერები შემოგვთავაზეს, რითიც საფეხბურთო სამყაროში ფეხბურთელების ფასები საგრძნობლად აწიეს. ყველამ იცის, რომ პარიზელებისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება უმთავრესი მიზანია... ასე რომ რატომაც არა?! შესაძლოა მათ იყიდონ ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.

ჩელსი

ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ბეილის „ჩელსიში“ გადასვლაა, თუმცა ამ ტრანსფერსაც აქვს თავის ახსნა. მას შემდეგ, რაც „ლურჯებმა“ პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ იასპარეზებენ, კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა იმოქმედოს. ამასთან ერთად, ზაფხულში მათ ედენ აზარიც უნდა შეინარჩუნონ და ბეილის ტრანსფერით შესაძლოა აზარის გულის მოგება შეძლონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები