სტერლინგის ტატუ, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია
Aa
Aa

სტერლინგის ტატუ, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია

ინგლისის ნაკრების ვარსკლავი, რაჰიმ სტერლინგი კრიტიკის ობიექტად მას შემდეგ იქცა, რაც ორშაბათს, ვარჯიშისას ტატუ გაასაჯაროა. სტერლინგმა ფეხზე M-16-ის იარაღი დაიხატა და ამ ჟესტით პატივი საკუთარ მამას მიაგო, რომელიც მის ბავშვობაში (რაჰიმი 2 წლის იყო) ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ბუნებრივია, ინგლისელის ტატუ ზოგიერთებმა ძალადობას დაუკავშირეს და "სიტის" შემტევს ბრალი აგრესიის პროპაგანდაში დასდეს.  „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში რაჰიმმა კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ მის ტატუს ძალადობასთან და აგრესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„როდესაც ორი წლის ვიყავი მამაჩემი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მაშინ საკუთარ თავს დავპირდი, რომ იარაღს ხელში არასდროს ავიღებდი. გოლების გასატანად მარჯვენა ფეხს ვიყენებ და ამიტომ ვფიქრობ ტატუს ღრმა მნიშვნელობა აქვს“.

„სიტის“ შემტევს სხეულზე ბევრი ტატუ აქვს, თუმცა ფაქტია, რომ M-16 მათგან ნამდვილად გამოირჩევა. 23 წლის ფეხბურთელს სხეულზე საკუთარი წარმომავლობის და საფეხბურთო წარმატების აღმნიშვნელი თითოეული მომენტი აქვს გადატანილი.

სტერლინგი ჩრდილოეთ ლონდონში, „უემბლის სტადიონის“ მახლობლად გაიზარდა და მის მარცხენა ხელზე „ცნობილი ნაგებობის“ და ადგილობრივი მეტროს სადგურის ლოგოა გამოსახული.  რაჰიმის ტატუების „კოლექცია“ ასეთ ფრაზასაც შეიცავს: „მადლობა დედა იმისთვის, რომ 9 თვე მუცლით მატარე“. ინგლისელის ცხოვრებაში დედამ უდიდესი როლი ითამაშა. იამაიკიდან ბრიტანეთში რაჰიმი სწორედ მან ჩამოიყვანა და სრულ მარტოობაში გაზარდა.         

მკლავის მაღლა კი ინგლისელ შემტევს მელოდი როუზის, მისი ქალიშვილის სახელი და სურათი აქვს.

რაჰიმი რუსეთში ინგლისის ნაკრებთან ერთად მიემგზავრება და ქომაგები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. „სიტიში“ გატარებული საუცხოო სეზონის შემდეგ სტერლინგს ჯგუფურ ეტაპზე ტუნისის, ბელგიისა და პანამის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.

გასულ სეზონში „ქალაქელთა“ რიგებში რაჰიმმა 46 შეხვედრა ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 17 გადაცემა მიითვალა. მანჩესტერელბთან ერთად რაჰიმმა პრემიერ ლიგა სარეკორდო მაჩვენებლით, 100 ქულით მოიგო.

სტერლინგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და მისი „მსროლელი მარჯვენა“ მეტოქეების კარის აღებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები