ძმასთან, დედასთან და 89 წლის ბებიასთან ერთად 10 საათიანი მგზავრობა და...
Aa
Aa

ძმასთან, დედასთან და 89 წლის ბებიასთან ერთად 10 საათიანი მგზავრობა და...

მარკო ტრუნხელიტი არგენტინელი ჩოგბურთელია, რომელიც რეიტინგში საუკეთესო პოზიციას 2016 წლის სექტემბერში იკავებდა, როცა მსოფლიოს 126-ე ჩოგანი იყო.

შედეგები შედეგებად, თუმცა გუშინდელის შემდეგ ცხადია, რომ მისთვის ჩოგბურთი მხოლოდ სამსახური არაა.

28 წლის ტრუნხელიტი "როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 რაუნდში დამარცხდა და ძირითად ბადეში გასვლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. რეიტინგის მიხედვით, მას "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით ტურნირზე მოხვედრა რიგით მე-3 ჩოგბურთელად ეკუთვნოდა, თუმცა ძირითადი ბადიდან საკმაოდ ბევრი მოთამაშე მოეხსნა და შანსი ტრუნხელიტისაც მიეცა.

ტურნირის ორგანიზატორებმა არგენტინელს აცნობეს, რომ ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის საშუალება ეძლეოდა, რადგან ნიკ კირგიოსმა ტრავმის გამო ასპარეზობაზე უარი განაცხადა. მთავარი კი სწორედ აქედან დაიწყო.

ტრუნხელიტი ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს და მას ოჯახი ესტუმრა, რათა ჩოგბურთელის არდადეგები გამოეყენებინათ და  ესპანეთის მასშტაბით მცირე მოგზაურობა მოეწყოთ.

მარკო, მისი ძმა ანდრე, დედა სუზანა და 89 წლის ბებია დაფნე, მანქანით ერთ-ერთ პლიაჟზე უნდა წასულიყვნენ, როცა ტრუნხელიტის "როლან გაროსის" ორგანიზატორების დავალებით მისი მწვრთნელი დაუკავშირდა, მოულოდნელად გეგმა შეიცვალა და მათ პარიზისკენ გეზის აღება მოუწიათ. 

ქალაქებს შორის მანძილი დაახლოებით 650 მილია, რომლის მანქანით დაფარვას 9-დან 10 საათამდე სჭირდება. 

"ბებია შხაპს იღებდა, როცა მას შევძახე: "ჩვენ პარიზში მივდივართ. ბევრი ფრენა გადაიდო, ამიტომ მათ ვერ ვენდობი და საუკეთესო ვარიანტი მანქანით წასვლაა". 

რა თქმა უნდა, ბებიაც თან უნდა წაგვეყვანა! ნახევარ საათში ბარგი ჩავალაგეთ და გზას დავადექით. საჭეს თავადაც ვმართავდი, თუმცა 10-დან დაახლოებით 6 საათი მასთან ჩემი ძმა იჯდა".

ტრუნხელიტის, რომელიც 10 საათიანი მგზავრობის შემდეგ პარიზში ორშაბათ დილას ჩავიდა და თამაშის დაწყებამდე 21 წუთით ადრე დადასტურდა, რომ კორტზე გასვლა შეეძლო, ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩთან დაპირისპირება მოუწია. არგენტინელმა ნამდვილი მებრძოლი სული გამოავლინა და მატჩი 4 სეტში, 6:4; 5:7; 6:4; 6:4 მოიგო.

 

"მენტალურად სათამაშოდ მზად ვიყავი, თუმცა ფიზიკურად... არ ვიცი, რა გითხრათ... წნეხს საერთოდ არ ვგრძნობდი, რადგან დასაკარგი არაფერი მქონდა.

ხუთშაბათს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი წავაგე, პარასკევს არ მითამაშია, შაბათს არ მივარჯიშია, კვირას კი საერთოდ არაფერი გამიკეთებია. ორშაბათს აქ ჩამოვედი, გავხურდი და თამაშიც დაიწყო. შესანიშნავი თავგადასავალია, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ახლა დაძინებას ვისურვებდი, მგონი დღე-ნახევარი არ გამეღვიძება". - განაცხადა მატჩის შემდეგ ტრუნხელიტიმ.

იგი შემდეგ წრეში იტალიელ მარკო ჩეკინატოს შეხვდება, რომელმაც ასევე მებრძოლი სული აჩვენა და ტურნირის პირველ რაუნდში მარიუს ჩოპილთან სეტებში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ მოიგო, თანაც მე-5 სეტში ანგარიშით 10:8 იმარჯვა.

ტრუნხელიტიმ იმ ბერნარდ ტომიჩს მოუგო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მალე კარიერას დაასრულებს, რადგან ჩოგბურთით უკვე საკმარისი ფული გამოიმუშავა და ცხოვრებით უნდა დატკბეს.

ასეა, ზოგს ჩოგბურთი ტრუნხელიტის მსგავსად უყვარს, ზოგს კი - ტომიჩის...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები