ბასილაშვილი და სიმონი დღეს მე-18 კორტზე ითამაშებენ
Aa
Aa

ბასილაშვილი და სიმონი დღეს მე-18 კორტზე ითამაშებენ

"როლან გაროსის" ძირითადი ბადის მატჩები გუშინ დაიწყო, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი გათამაშებაში დღეს ჩაერთვება და ფრანგ ჟილ სიმონს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილისა და სიმონის შეხვედრა მე-18 კორტზეა დაგეგმილი. თბილისის დროით 13 საათზე ამავე კორტზე სინიაკოვა-აზარენკას თამაში დაიწყება, რასაც კიზისა და ვიკერის მატჩი მოჰყვება, ფრანგი და ქართველი სწორედ ამის შემდეგ ითამაშებენ.

ბასილაშვილმა და გამოცდილმა ფრანგმა გასული წლის ამავე ტურნირის ამავე რაუნდში ითამაშეს და ქართველმა მაშინ 4 სეტში, 1:6; 6:2; 6:4; 6:1 იმარჯვა.

აღნიშნული შეხვედრის გამარჯვებული, ტურნირის მე-2 წრეში სემ ქუერისა და ფრანსის ტიაფოს მატჩის მომგებს დაუპირისპირდება.

ჟილ სიმონი ამჟამად მსოფლიოს 65-ე ჩოგანია, თუმცა იყო დრო, როცა ზედა ათეულის წევრი გახლდათ და 2009 წელს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი, მსოფლიო რეიტინგის მე-6 პოზიცია დააფიქსირა. სიმონს ATP-ის 13 ტიტული აქვს მოგებული, უშუალოდ "როლან გაროსზე" კი მისი მაქსიმუმი მე-4 რაუნდია.

წლევანდელ სეზონში გამართული 29 მატჩიდან, სიმონმა 17 მოიგო. კონკრეტულად თიხის საფარზე კი 11-ჯერ ითამაშა და 7-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მან ბოლოს რომის მასტერსზე იასპარეზა, რომლის ეგიდითაც ჩოპილს, ბენეტოსა და ბალდის მოუგო, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩთან 2 სეტში დამარცხდა - 4:6; 2:6.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 77-ე ადგილზეა, წინა წლის "როლან გაროსის" მე-3 წრეში გააღწია. მან სიმონის გარდა, ვიქტორ ტროიცკის მოუგო, 1/16 ფინალურ სტადიაზე კი "თიხნარის მეფედ" წოდებულ და საფრანგეთის ღია პირველობის 10 გზის ჩემპიონ რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები