Aa
Aa

"ვისაც ფეხბურთი უთამაშია ყველა ხვდება, რომ რამოსმა სალაჰს ტრავმა განზრახ მიაყენა"

ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონი დასრულდა. მადრიდის "რეალმა" ისტორია დაწერა და ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო.

ფინალი, რომელსაც ქომაგები დიდი იმედებით ელოდნენ არ შედგა და ამის მიზეზი მუჰამედ სალაჰია.

საოცარ ფორმაში მყოფი ეგვიპტელი ფეხბურთელი პირველი ტაიმის შუაწელს სერხიო რამოსთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა და მალე მოედანიც დატოვა.

სალაჰს მხრის ტრავმა აქვს და ძალან დიდია იმის ალბათობა, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვოს.

ამ ეპიზოდს სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და "რეალის" გულშემატკივრების გარდა ფაქტიურად ყველა, სერხიო რამოსს უცენზურო ფრაზებით "ამკობდა".

შეხვედრის შემდეგ საფეხბურთო სამყარო ორ ნაწილად გაიყო - "რეალის" ქომაგები და სხვები. ითამაშა თუ არა რამოსმა განზრახ უხეშად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია და უმჯობესი იქნება თქვენი მოსაზრება გამოკითხვაში დააფიქსიროთ.

დღეს, ამ ინციდენტს ლეგენდარული ფრენკ ლამპარდი, ცნობილი ეგვიპტელი ფეხბურთელი ვეტერანი აჰმედ ჰოსამ მიდო , იურგენ კლოპი და თავად სერხიო რამოსიც გამოეხმაურნენ.

ფრენკ ლამპარდი: "არ ვფიქრობ, რომ რამოსმა განზრახ იუხეშა. ყველა მცველი მჭიდროდ თამაშობს. ეს მათი მოვალეობაა და ასეთ დროს მსგავსი რაღაცები ხდება ხოლმე.

სალაჰთან ორთაბრძოლის დროს ზუსტად ასეთი მომენტი იყო. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მათ ბრძოლის დროს ხელები გამოიყენეს, რაც ჩვეულებრივი რამ გახლავთ. ამ დროს სალაჰი დაეცა და მას ძალიან არ გაუმართლა.

მიმაჩნია, რომ სერხიო რამოსი ამ ეპიზოდის დროს სწორად მოქმედებდა და იდეალურ დაცვას თამაშობდა. მისი მიზანი სალაჰისთვის ზიანის მიყენება არ ყოფილა".

ეგვიპტის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი აჰმედ ჰოსამ მიდო, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში 5 სეზონის განმავლობაში თამაშობდა, ხსენებულ ინციდენტს სხვა თვალით უყურებს.

"ვისაც ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე უთამაშია და კარგადაც ერკვევა მასში, ყველა ხვდება, რომ სერხიო რამოსმა სალაჰს ტრავმა განზრახ მიაყენა".

სერხიო რამოსმა მატჩის შემდეგ საკუთარი twitter-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"ფეხბურთს ტკბილი მომენტები ახლავს, ხოლო ხანდახან ის ძალიან უხეშია. პირველ რიგში ჩვენ კოლეგები ვართ. სალაჰს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მომავალი გელის შენ.

ხანდახან ფეხბურთი დადებითი სახით გევლინება, ხანდახან კი უარყოფითით. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ პროფესიონალები ვართ".

საკმაოდ პირდაპირი იყო "ლივერპულის" თავკაცი იურგენ კლოპი.

"სალაჰი ტრავმირებულია. მას სავარაუდოდ მხარი აქვს მოტეხილი. რამოსი მას ძალიან უხეშად მოექცა.

შემიძლია გითხრათ, რომ რამოსს ეგვიპტეში მეგობრები აღარ ეყოლება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები