რეალი VS ლივერპული -
Aa
Aa

რეალი VS ლივერპული - "გამოცდილი მკვლელი" აგრესიულობისა და მოტივაციის წინააღმდეგ

მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კიევისკენ არის მიპყრობილი. უკრაინის დედაქალაქში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. წლის კულმინაცია და სეზონის ორი საუკეთესო გუნდი - "რეალი" "ლივერპულს" შეერკინება და ამით ყველაფერი ნათქვამია.

მადრიდელებისა და "მერსისაიდელების" გზები ევროსარბიელზე მეოთხედ გადაიკვეთა. აქამდე ჯამში 5 ურთიერთშეხვედრაა გამართული, რომელთაგან 3 ინგლისელებმა მოიგეს და 2 - ესპანელებმა.

ამ ტურნირის ეგიდით, მომავალი ფინალის მონაწილეების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება 1981 წლის „ჩემპიონთა თასის“ გადამწყვეტ შეხვედრაში შედგა.

პარიზში გამართული მატჩი „ლივერპულის“ გამარჯვებით დასრულდა, ერთადერთი გოლი ალან კენედიმ 81-ე წუთზე გაიტანა და ტიტული ინგლისელებს დარჩათ.

საინტერესოა, რომ „რეალი“ ამ ტურნირის ფინალში ბოლოს სწორედ ამ შეხვედრისას დამარცხდა. მას შემდეგ მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის 6 ფინალი მოიგეს - 1998; 2000; 2002; 2014; 2016 და 2017 წლებში.

დავამატოთ ისიც, რომ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე აქამდე გამართული 15 ფინალიდან 12 მოგებული აქვს, „ლივერპულმა“ კი გადამწყვეტ შეხვედრაში 7-ჯერ ითამაშა და ტიტულს 5-ჯერ დაეუფლა.


 

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

ფინალს გუნდები განსხვავებულ მდგომარეობაში ხვდებიან. ზიდანს ყველა სასურველი მოთამაშე მწყობრში ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვით იურგენ კლოპზე.

"ლივერპულს" ტრავმების გამო ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჟოელ მატიპი, გომესი და ემრე ჯანი არ ეყოლება, თუმცა ამ უკანასკნელს თამაშის შანსი ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ ძალიან მცირე.

"რეალმაც" და "ლივერპულმაც" ჩემპიონატები მე-3 პოზიციაზე დაასრულეს.

მადრიდელთაგან განსხვავებით, ინგლისელებს ოთხეულისთვის ბრძოლა დასჭირდათ. საბოლოოდ, შიდა ჩემპიონატში სეზონი ორივე გუნდმა ჩააგდო და მათი მთავარი საზრუნავი უკვე კარგა ხანია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

ტაქტიკური ანალიზი - დინჯი ზიდანი და ემოციური კლოპი, ანუ სტაბილურობა აგრესიის წინააღმდეგ


ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გახლავთ, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება, განსაკუთრებით კი მადრიდი და ლივერპული.

ურთულესია, რომ ზიდანისა და კლოპის ტაქტიკურ გეგმებზე წინასწარ ისაუბრო, რადგან ეს ფინალია და სავსებით შესაძლებელია მწვრთნელებმა სიურპრიზი შემოგვთავაზონ.

თუმცა, არის რაღაცები, რაც მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადია და შეგვიძლია 70%-იანი ალბათობით მას დავეყრდნოთ.

რეალი

ზინედინ ზიდანი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალისტი, რომ არის ამაზე საუბარი ახლა უადგილო და ბანალურია. ზიზუ საკმაოდ დინჯი მწვრთნელია და ხშირად პრაგმატულობაც ახასიათებს, მაგრამ მოურინიოსავით ყრუ დაცვაში ჩაჯდომა და ფეხურთის თამაშზე უარის თქმა არ ახასიათებს.

ზიდანი ყოველთვის ცდილობს გაიტანოს იმდენი, რამდენიც მას მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს და შემდეგ ის თამაშს კლავს.

"რეალის" მთვარი პრობლემა უკანა ხაზია. დაცვა წლევანდელ სეზონში ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და მადრიდელთა კარში გოლის გატანა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.

"ბლანკოსი" თავდაცვას ნახევარდაცვის ხაზიდან იწყებს და გუნდის ხერხემალი სწორედ ეს გახლავთ.

პრინციპულ შეხვედრებში ფრანგი სპეციალისტი 99%-ით 4 ნახევარმცველით თამაშობს ხოლმე. ასე უნდა ველოდოთ ფინალშიც.

კეილორ ნავასის წინ მარსელო, რამოსი, ვარანი და კარვახალი განლაგდებიან, აქ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.

ნახევარდაცვაც საკმაოდ პროგნოზირებადი ჩანს. კაზემირო-კროოსის დუეტი დაცვის წინ დადგება, ხოლო მათზე ოდნავ წინ მოდრიჩი-ისკო იმოქმედებენ. მათ გუდის იერიშების წარმართვა დაევალებათ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზიდანი კრიშტიანუ რონალდუს თავდასხმის ხაზში გარეთ ბეილს შეუწყვილებს, რომელიც ბოლო პერიოდში საუცხოო ფორმაში შევიდა და კარიმ ბენზემას აშკარად აღემატება.

ამ ორ მოთამაშეს შორის არჩევანს ზიდანი უშუალოდ მატჩის წინ გააკეთებს.

ზიდანი შეეცდება "ლივერპულის" დაცვის შეცდომებით ისარგებლოს. "რეალი" ბურთს გააკონტროლებს, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ინგლისელებს მთელი მატჩის განმავლობაში კონტრშეტევების საშუალება ჰქონდეთ.

"ლივერპულის" მთავარი კოზირი კონტრშეტევებია და ამას ისინი იდეალურად აკეთებენ. მათი საოცარი სისწრაფე მეტოქე გუნდის დაცვისთვის პრაქტიკულად დაუძლეველი გახლავთ.

ისკოს, მოდრიჩსა და ბეილს მოედანზე სრული თავისუფლება ექნებათ. მათ კრიშტიანუს ზუსტი გადაცემებით მომარაგება დაევალებათ.

"რეალი" თავისი კოლოსალური გამოცდილების გამოყენებას შეეცდება. ზიდანის გუნდი ფინალში ზედიზედ მესამედაა და მათ ნამდვილად იციან, თუ რა არის საჭირო გამარჯვების მოსაპოვებლად.

ლივერპული

იურგენ კლოპმა იცის, როგორ უნდა დაამარცხოს "რეალი", მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ "მერსისაიდელები" ფინალში ფავორიტები არიან.

კლოპის ფორმაციის "დორტმუნდი" ევროპაში "ბარსელონასთან" ერთად იმ ორ გუნდს წარმოადგენდა, რომლებსაც მადრიდელთა დამარცხების ყველაზე მეტი შანსი ჰქონდათ.

"ლივერპულის" ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაში თამაში იყო. ინგლისელები უაზრო და სასაცილო გოლებს უშვებდნენ და გერმანელმა სპეციალისტმა ეს პრობლემა საბოლოოდ დაამარცხა.

"წითლებმა" ფინალში ზუსტად ისე უნდა ითამაშონ, როგორც "სიტის" წინააღმდეგ.

"ლივერპული" მომენტებს კარგად იყენებს და ეს "რეალთანაც" ასე უნდა იყოს. მათი ფეთქებადი სტილი, მეტოქეს ხშირ შემთხვევაში აბნევს და სპექტაკლიც სწორედ შემდეგ იწყება.

კლოპი კვლავ კარიუსს ენდობა და კარსაც ის დაიცავს. დაცვაში რობერტსონი, ლოვრენი, ვან დაიკი, ალექსანდრ-არნოლდის ოთხეული ითამაშებს.

ნახევარდაცვაში ჩემბერლენის ტრავმის შემდეგ ჰენდროსონი-ვინალდუმი-მილნერის ტრიო ხელშეუხებელი გახდა. დიდი ხანია ტრავმა აქვს ემრე ჯანს და ასევე დაზიანებები სტანჯავს ადამ ლალანას, რომელმაც ფორმა ვერა და ვერ აღიდგინა.

თავდახმის ხაზი რა თქმა უნდა უცვლელი იქნება - სალაჰი-მანე-ფირმინოს ტრიო "მერსისაიდელთა" მთავარი იმედია.
კლოპი ტრადიციულად სწრაფ, აგრესიულ და კომბინირებულ სტილს აირჩევს.

"ლივერპული" აქტიურ და მაღალ პრესინგს ითამაშებს და ამით მეტოქეს დისკომფორტს შეუქმნის. როგორც წესი, ამის შემდეგ მეტოქე გუნდის მოთამაშეები ხშირად იბნევიან ხოლმე.

ყველაზე დიდ ინტერესს სალაჰისა და მარსელოს დაპირისპირება იწვევს, რადგან მატჩამდე კლოპმა ასეთი რამ თქვა: "„ეს ყველამ ნახა. ყველაფერი გასაგები და ცხადი იყო. მარსელო შესანიშნავი შემტევია, მაგრამ დაცვაში ვერ თამაშობს".

ყველამ კარგად იცის, თუ რამხელა ძალაა მარსელო "რეალისთვის". ბრაზილიელის გარეშე მადრიდელთა შეტევები უბრალოდ წარმოუდგენელია.

სალაჰის ფორმის გათვალისწინებით, მარსელოს შეტევებში ჩართვა ძალიან გაუჭირდება.

მატჩის სავარაუდო სცენარი და მოსალოდნელი საფრთხეები

მატჩის სცენარის წარმოდგენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა შეგვიძლია მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შესახებ ვისაუბროთ.

"ლივერპული" სწრაფი გოლის გაშვების შემთხვევაში ხშირად იშლება და თამაშზე კონტროლს კარგავს. მართალია კლოპმა ამ პრობლემას თითქმის მიხედა, მაგრამ ამჯერად საქმე "რეალთან" გვაქვს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე "გამოცდილი მკვლელია".

"რეალს" წელს, რომ სუსტი დაცვა ჰყავს ეს არახალია და მათ მთავარი საფრთხე სწორედ აქ ელით.

"ლივერპული" 90 წუთის განმავლობაში 20-25 წუთიან მონაკვეთს ირჩევს და ამ დროში საოცრად თამაშობს. მეტოქეს უბრალოდ მიწასთან ასწორებს. მადრიდელებს ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ამ მონაკვეთში ემუქრებათ და თუ ზიდანს სადავეები ხელიდან გაექცევა, "ბლანკოსს" სრული კატასტროფა ელის.

ინგლისელები მატჩის 90 წუთში მოგებას შეეცდებიან, რადგან სათადარიგოთა სკამი საკმაოდ სუსტი ჰყავთ. პლიუს ტრავმებიც გასათვალისწინებელია, რაც კლოპს ცვლილებების გაკეთების დროს პრობლემებს უქმნის.

საპირისპიროდ, კომფორტულად გრძნობს თავს ზიდანი, რომელსაც თადარიგში უამრავი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს.

წინ სეზონის კულმინაცია გველოდება. შეხვედრას უამრავი შესაძლო სცენარი აქვს. იმედია ჩვენ საუკეთესო ვარიანტს ვიხილავთ და მატჩი ქომაგთა მოლოდინს 100%-ით გაამართლებს.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები