ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი "როლან გაროსს" სიმონით დაიწყებს

2018 წლის საჩოგბურთო სეზონის დიდი სლემის მე-2 ტურრნირი, საფრანგეთის ღია პირველობა, იგივე "როლან გაროსი" პარიზში ჩატარდება და მისი ძირითადი ბადის მატჩები 27 მაისიდან დაიწყება.

გათამაშების წილისყრა დღეს გაიმართა, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველ მეტოქედ ფრანგი, ჟილ სიმონი გამოავლინა. საგულისხმოა, რომ ბასილაშვილმა და სიმონმა ამავე ტურნირის გასული წლის ამავე რაუნდში ითამაშეს და ქართველმა მაშინ 4 სეტში, 1:6; 6:2; 6:4; 6:1 იმარჯვა.

შეხვედრის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. იგი კვირას ან ორშაბათს ჩატარდება.

ბასილაშვილსა და სიმონს შორის გამარჯვებული, ტურნირის მე-2 წრეში სემ ქუერისა და ფრანსის ტიაფოს მატჩის მომგებს დაუპირისპირდება.

საერთო ჯამში, ფრანგი და ქართველი ორჯერ შეხვდნენ და ანგარიში თანაბარია. 2015 წელს სიმონმა ჰარდის საფარზე მოიგო.

ჟილ სიმონი ამჟამად მსოფლიოს 75-ე ჩოგანია, თუმცა იყო დრო, როცა ზედა ათეულის წევრი გახლდათ და 2009 წელს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი, მსოფლიო რეიტინგის მე-6 პოზიცია დააფიქსირა. სიმონს ATP-ის 13 ტიტული აქვს მოგებული, უშუალოდ "როლან გაროსზე" კი მისი მაქსიმუმი მე-4 რაუნდია.

სიმონი უკვე ვეტერანად ითვლება, იგი 33 წლისაა და უმაღლესი კატეგორიის ტურნირებზე ბოლო დროს არცთუ სახარბიელო შედეგები აქვს.

წლევანდელ სეზონში გამართული 29 მატჩიდან, სიმონმა 17 მოიგო. კონკრეტულად თიხის საფარზე კი 11-ჯერ ითამაშა და 7-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მან ბოლოს რომის მასტერსზე იასპარეზა, რომლის ეგიდითაც ჩოპილს, ბენეტოსა და ბალდის მოუგო, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩთან 2 სეტში დამარცხდა - 4:6; 2:6.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 65-ე ადგილზეა, წინა წლის "როლან გაროსის" მე-3 წრეში გააღწია. მან სიმონის გარდა, ვიქტორ ტროიცკის მოუგო, 1/16 ფინალურ სტადიაზე კი "თიხნარის მეფედ" წოდებულ და საფრანგეთის ღია პირველობის 10 გზის ჩემპიონ რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

რაც შეეხება პირველი რაუნდის სხვა წყვილებს, იმავე ნადალის მეტოქე, უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი იქნება, ალექსანდრ ზვერევი რიკარდას ბერანკისს, გრიგორ დიმიტროვი ვიქტორ ტროიცკის, ხუან მარტინ დელ პოტრო ნიკოლა მაიუს, დავიდ გოფენი რობინ ჰაასეს, ხოლო ბორნა ჩორიჩი ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდება. დომინიკ ტიმისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქეები კი საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გვეცოდინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები