ზინედინ ზიდანი - იღბალი თუ კლასი?
Aa
Aa

ზინედინ ზიდანი - იღბალი თუ კლასი?

ესპანურ, განსაკუთრებით კატალონიურ პრესაში არსებობს ფრაზა, რომლის მიზანიც ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო საიდუმლოების აღწერაა. მეორე საკითხია რამდენად არსებობს ასეთი რამ, თუმცა ფაქტია, რომ შაბათს საღამოს ფრანგი სპეციალისტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამე თასისთვის იბრძოლებს. მიუხედავად მიღწეული გამარჯვებებისა და დასაკუთრებული ტიტულებისა კითხვა - როგორ მოახერხა „ზიზუმ“ ეს ყველაფერი? კვლავ აქტუალურია.

ზიდანს არც პეპ გუარდიოლას მსგავსი საფეხბურთო ხედვა, არც ჟოზე მოურინიოს ცინიზმი და არც ალექს ფერგიუსონის დისციპლინა აქვს. ხშირად მისი გუნდი საშინელ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა მადრიდელები ევროპის მასშტაბით წარმატებულ სვლას განაგრძობენ. ფრაზა კი, რომელიც კატალონიურ პრესაშია დამკვიდრებული, ასე ჟღერს - „La flor de Zidane“ „ზიდანი უბრალოდ იღბლიანია“! რთულია ამ წინადადებას შეეწინააღმდეგო, 2016-ში „რეალმა“ ფინალამდე საკმაოდ იოლი გზა გაიარა და ჩემპიონობა თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. 2017-ში ვიდალის წითელი ბარათი „სამეფო კლუბს“ მეოთხედფინალური ეტაპის გადალახვაში და „ბაიერნის“ დამარცხებაში დაეხმარა. წელს „იუვესთან“ „ბლანკოსმა“ დამატებით წუთებზე პენალტი მიიღო, ხოლო „ბაიერნთან“ უპირატესობა არცერთ შეხვედრაში ჰქონია და მსაჯმა თვალი მარსელოს „ხელბურთზეც“ დახუჭა. მეორე საკითხია არის თუ არა „რეალის“ მიღწევა მხოლოდ იღბალის დამსახურება. ბევრი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ გამართლების გარეშე ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლებელია. თუმცა როდესაც საქმე ფინალში ზედიზედ სამ გასვლაზე გვაქვს, რთულია იღბალზე ილაპარაკო. ზიდანი ნამდვილად არ იღებს იმდენ ქებას, რამდენსაც იმსახურებს. ფრანგი სპეციალისტის საიდუმლო სოციალური საკითხები, გუნდთან და ფეხბურთელებთან ურთიერთობაა და არა ტაქტიკური სვლები.

ზიდანის ეფექტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის ნიჭი ზინედინმა პირველივე კონფერენციაზე გამოავლინა. რაფა ბენიტესმა, რომელიც „რეალს“ „ზიზუმდე“ წვრთნიდა, ტაქტიკების შესახებ ყველაფერი იცოდა, თუმცა სოციალური უნარები საერთოდ არ გააჩნდა. ზიდანს ზურგს სამწვრთნელო „საოცარი“ გამოცდილება ნამდვილად არ უმაგრებდა, თუმცა ფრანგმა ერთი რამ დანამდვილებით იცოდა! მას გამართული და აზრიანი საუბარი შეეძლო! იმ დღეს მის ლაპარაკში კლუბის ყველა ღირებულება წარმოჩინდა და ჟურნალისტებს თვალწინ მათთან მოსაუბრე ფლორენტინო პერესი წარმოუდგათ. ზინედინის მიხედვით „რეალი“ ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს და აქცენტს შემტევ და ლამაზ ფეხბურთზე გააკეთებს. „ზიზუმ“ ყველა ჩამჭრელი კითხვა ღიმილითა და დიპლომატიური პასუხით აიცილა და რომ არა საფეხბურთო კარიერა, პოლიტიკოსობა ალბათ გარანტირებული ჰქონდა.

ზიდანის დანიშვნიდან ხუთ თვეში „ბლანკოსმა“ „ლა ლიგის“ ზედიზედ 12 შეხვედრა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. „რეალის“  სათამაშო სტილი ხშირად განსხვავდებოდა, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩებოდა - ფეხბურთელები ბედნიერები იყვნენ! ვარსკლავები ზიდანს აქებდნენ, სათადარიგო სკამზე დარჩენილი მოთამაშეები კი უკმაყოფილებას არ გამოხატავდნენ. მადრიდულმა პრესამ ამ ყველაფერს „ზიდანის ეფექტი“ უწოდა - ტერმინი, რომელიც თავის დროზე კარლო ანჩელოტიმ „დაამკვიდრა“. „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნამდე 2 თვით ადრე ანჩელოტიმ ყოფილი ასისტენტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ზიდანს მწვრთნელობისთვის საჭირო ყველა მონაცემი აქვს - ქარიზმა, პიროვნული მახასიათებლები და გამოცდილება. როდესაც ზინედინი საუბრობს, ფეხბურთელები ჩუმად არიან და უსმენენ! მთავარი სწორედ ესაა“!!!

 

კარლოს დისციპლინა

თუ ზიდანის, რომელიმე მწვრთნელთან შედარება შეიძლება, ეს სწორედ ანჩელოტია. ტაქტიკური გადმოსახედიდან ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, გუნდს ორივე შემტევ ფეხბურთს ათამაშებს და რაც მთავარია გასახდელში ყველა მოთამაშე ბედნიერია.

ანჩელოტი: „მწვრთნელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელებთან დამყარებული ურთიერთობაა. ტაქტიკებისა და ტექნიკის შესახებ საუბარი ნებისმიერ სპეციალისტს შეუძლია, მაგრამ თუ მოთამაშეები შენს პოზიციას არ იზიარებენ, მათ მოტივირებას ვერ მოახერხებ და სისტემას ძალით ვერ აამუშავებ“.

2016-17 წლების „რეალი“ ამ სიტყვების იდეალური მაგალითია. მადრიდელების ტაქტიკა ხშირად ქაოტური იყო და გოლს თითქმის ყველა შეხვედრაში უშვებდნენ. მიუხედავად ამისა „სამეფო კლუბის“ მოთამაშეები ბოლომდე იბრძოდნენ და თამაშში დაბრუნებას მებრძოლი ხასიათის ხარჯზე ახერხებდნენ. „ბლანკოსის“ ყოფილი ფეხბურთელი, ხორხე ვალდანო აცხადებს: „რეალს არაჩვეულებრივი მებრძოლი სული აქვს და მადრიდელებზე უკეთ ცუდ ფეხბურთს არავინ თამაშობს“.

სეზონის მეორე ნაწილში ზიდანმა საკუთარი ავტორიტეტი თამამი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენა. ფრანგმა აქტიურ როტაციას მიმართა და სუსტი კლუბების წინააღმდეგ მოედანზე „სარეზერვო გუნდი“ გამოიყენა. „ზიზუმ“ დასვენებაზე რონალდუს დაყოლიებაც მოახერხა და პორტუგალიელმა მონაწილეობა „ლა ლიგის“ მხოლოდ 29 შეხვედრაში მიიღო. საბოლოოდ უკანასკნელ 2 სეზონში „სამეფო კლუბმა“ ფორმის პიკს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფებში მიაღწია და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც აღნიშნული ტურნირი მოგება  ზედიზედ ორჯერ მოახერხა.

 

უარი ახალ ფეხბურთელებს

წლევანდელ სეზონში „რეალმა“ „ლა ლიგაში“ არც თუ ისე კარგად იასპარეზა. მადრიდელებმა 44 გოლი გაუშვეს, რაც „ესპანიოლზე“, „ხეტაფეზე“ და „ვალენსიაზე“ მეტია. „სამეფო კლუბი“ „ბარსას“ საჩემპიონო ბრძოლაში 17 ქულით ჩამორჩა და ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. იანვარში, კატალონიურ გრანდთან 3-0 მარცხის შემდეგ ზიდანის გუნდის მიმართ კრიტიკა გაძლიერდა. წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი ფეხბურთელების ფორმიდან ამოვარდნა იყო. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ზიზუს“ ახალი ფეხბურთელების ყიდვა და შემადგენლობის შეცვლა შესთავაზეს, რაზეც ზიდანმა მარტივად უპასუხა: „გუნდის შემადგენლობით სავსებით კმაყოფილი ვარ“.

ზინედინის კრიტიკა სეზონის დარჩენილ ნაწილშიც გაგრძელდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფების დაწყებასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. მადრიდელები ფინალში დამსახურებულად გავიდნენ ( მსოფლიოს უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობს) და გზად ისეთი გრანდები ჩამოიცილეს, როგორებიც „პსჟ“, „იუვე“ და „ბაიერნი“ არიან.

 

ქაოსი და სტაბილურობა

„რეალის“ სტაბილურობა უნიკალური მოვლენაა. „ლივერპულთან“ მატჩისას შესაძლოა, 2016 წლის ფინალიდან, სასტარტო შემადგენლობის 10 ფეხბურთელი ვიხილოთ. ზიდანის „მმართველობის“ პერიოდში მადრიდელებმა დანი სებალოსი და ტეო ერნანდესი იყიდეს. ახალგაზრდებს გუნდში შემცვლელის როლი აკისრიათ და მათი გადმოყვანის მიზანი მომავლის გუნდის შენება გახლდათ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდელები დიდი ალბათობით გოლსაც გაუშვებენ, თუმცა ფაქტია, რომ გამოცდილება მათ მხარესაა. ზიდანი ტრადიციულად სათადარიგო სკამთან იდგება, ფეხბურთელების კარგ თამაშს ტაშით დააჯილდოებს და გუნდს გაამხნევებს. იგი ის „იღბლიანი“ მწვრთნელია, რომელმაც სამსახური „გამართლების“ შედეგად მიიღო და ევროპის საუკეთესო გუნდი ჩამოაყალიბა. ზიდანის წარმატებას ყველაზე კარგად იულიან ნაგელსმანის ფრაზა ხსნის: „მწვრთნელის მოვალეობაში ტაქტიკას მხოლოდ 30 პროცენტი უჭირავს, 70 პროცენტი გუნდთან საერთო ენის გამონახვა და ფეხბურთელებთან ურთიერთობაა“,

ზიდანი უბრალოდ იღბლიანი მწვრთნელი არაა! იგი შესანიშნავი სპეციალისტია, რომელმაც იდეალურად იცის მის მოთამაშეებს რა სურთ და მათგან მაქსიმუმის მიღება როგორ შეიძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები