ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი "ნაპოლიში" მალე გაოფიციალურდება?

"ნაპოლის" წარმომადგენლებსა და კარლო ანჩელოტის შორის გუშინ 3 საათიანი შეხვედრა შედგა, რომელმაც როგორც ჩანს, კარგად ჩაიარა და მხარეებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს.

"პაპა კარლო" პირადად პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსაც ესაუბრა და მასთან სამომავლო გეგმები და კონტრაქტის დეტალები განიხილა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ანჩელოტი "პარტენოპეისთან" 2+1 სისტემის ხელშეკრულებას გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება კი 6.5 მილიონი ევრო იქნება.

მხარეები აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა ფაქტია, რომ გამოცდილი სპეციალისტი გუშინ ნეაპოლის აეროპორტში დააფიქსირეს და ფოტოც გადაუღეს.

კარლო ანჩელოტი იტალიურ ფეხბურთს 2009 წლის შემდეგ უბრუნდება. 58 წლის სპეციალისტისთვის "ნაპოლი" მე-5 აპენინური კლუბი იქნება - იგი "რეჯიანას", "პარმას", "იუვენტუსსა" და "მილანს" ავარჯიშებდა. 2009 წლიდან კი "ჩელსიში", "პარი სენ ჟერმენში", "რეალსა" და "ბაიერნში" მუშაობდა. 

რაც შეეხება სამხრეთელთა ამჟამინდელ თავკაც მაურიციო სარის, თუკი კლუბს მისი დათხოვნა ამავე თვეში სურს, კომპენსაციის სახით 500 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

სარის არაერთ ევროპულ გრანდთან აკავშირებენ, მათ შორის ანჩელოტის ყოფილ კლუბ "მილანთან". თუმცა უფრო რეალურ ვარიანტად სარის "ჩელსიში" დანიშვნა მიიჩნევა. ინგლისური პრესა რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ ანტონიო კონტე და "არისტოკრატთა" ხელმძღვანელები თანამშრომლობის შეწყვეტას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები