Aa
Aa

"მათ იმ მარცხისთვის შური იძიეს"... - რონალდოს ინტერვიუ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო ლუის ნაზარიო მილანში იმყოფებოდა და ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ შეხვედრას დაესწრო (იხილეთ სრული მატჩი - VIDEO).

ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა, რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვეს და "ფენომენს" ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვეს. ბრაზილიელს Gazzetta dello Sport-ის რეპორტიორი ესაუბრა და მასთან "ინტერთან" დაკავშირებული საინტერესო თემები განიხილა. 

2001-2002 წლების სეზონის სერია A-ს ბოლო ტურში "ინტერმა" "ლაციოსთან" ქულები დაკარგა, რითაც ჩემპიონობა "იუვენტუსს" გადაულოცა. მატჩის დასრულების შემდეგ, რონალდო სათადარიგოთა სკამზე ტიროდა და ეს საკმაოდ ცნობილი კადრებია. 


 

რამდენიმე დღის წინ, ასევე სერია A-ს ბოლო ტურში "ინტერმა" "ლაციოს" სტუმრად მოუგო და მას ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მე-4 ადგილი ჩამოართვა.

 

"მათ იმ მარცხისთვის შური იძიეს და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო. ეს "ინტერისტებისთვის" ბრწყინვალე საჩუქარი იყო და ასევე მათთვის, ვინც ამის გაკეთება საფეხბურთო კარიერისას ვერ შევძელით. არადა, ჩემპიონობა ძალიან გვინდოდა და მხოლოდ ჩვენ, ფეხბურთელებმა შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რამდენად გვსურდა "სკუდეტოს" მოგება.

ჩემპიონობის მოპოვება ვერ შევძელით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის ბოლო ტურში ართმევა, ამაზე არანაკლები დარტყმაა.

ბედნიერი ვარ, რადგან "ინტერი" იქ მოხვდა, სადაც უნდა ყოფილიყო. 6 წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე, "ნერაძურისთვის" არაფრისმომცემი იყო, ასევე მისი ფანებისათვის და კლუბის პროექტისათვის.

ყოველთვის, როცა "ინტერზე" რამეს მეკითხებოდნენ, საუბარს ამ წინადადებით ვიწყებდი - "კლუბი, პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დაბრუნდეს". გვჭირდება, რომ ამ ტურნირზე სტაბილურად ვიასპარეზოთ და ვფიქრობ, ბოლო ტურში საგზურის მოპოვება, ამ საქმის კარგი დასაწყისია. 

თამაშის შემდეგ, მეგობარმა მითხრა, რომ განვლილი წლების "ინტერი" ამ ტიპის შეხვედრას წააგებდა, რასაც 100%-ით ვეთანხმები". 

"მე-4 ადგილი და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კარგია, მაგრამ ეს "ინტერის" ობიექტური მიზანი ყოველთვის ვერ იქნება. მან ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლოს, ეს რთულია, თუმცა "იუვენტუსს" ისეთი მოწინააღმდეგე, როგორიც "ინტერია", უბრალოდ ვერ ეყოლება.

რაც შეეხება სპალეტის, დეტალურად არ ვიცი, მან კლუბში რა შეცვალა. მჯერა, რომ გუნდში სიახლეები შეიტანა, ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელებს ადაპტაციის უნარი აქვთ, მაგრამ ისინი არასდროს იცვლებიან. როცა იტალიაში ვთამაშობდი, სპალეტი მაშინაც ასეთი იყო და ფეხბურთელებისთვის ადვილად აღქმადი იდეები ჰქონდა.

"იკარდი არის ადამიანი, რომელიც მუდამ გოლებზე ფიქრობს და მას გააქვს გოლები. იმედი მაქვს, მან კარგად იცის, რომ თამაშის გაუმჯობესება და განვითარება ყოველთვის შესაძლებელია.

თავდამსხმელზე, რომელსაც სეზონში 29 გოლი გააქვს, ვისაც კიდევ კითხვები აქვს, ვერასდროს გავუგებ და დავეთანხმები. იტალიის ჩემპიონატში 29 გოლი ძალიან ბევრია. დამიჯერეთ, ამ საკითხზე რაღაც გამეგება.

დარჩება თუ არა ის "ინტერში"? ეს მას უნდა ჰკითხოთ. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგისთვის ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა შეინარჩუნოს".

რონალდო "ინტერის" რიგებში 1997-2002 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად მხოლოდ 1 ტიტული მოიგო - 1998 წლის უეფას თასი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები