''სამწუხაროა განშორება დიდებული პერიოდის შემდეგ'' - კაზორლა ''არსენალს'' დაემშვიდობა
Aa
Aa

''სამწუხაროა განშორება დიდებული პერიოდის შემდეგ'' - კაზორლა ''არსენალს'' დაემშვიდობა

საფეხბურთო კლუბმა ლონდონის “არსენალმა’’ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანელი ფეხბურთელი სანტი კაზორლა კლუბს დატოვებს. ევრო 2008-ისა და ევრო 2012-ის ჩემპიონს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ლონდონურმა გუნდმა კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

“მალაგადან'' წამოსვლის შემდეგ სანტი 2012 წლიდან ‘‘მეთოფე’’ იყო. გასული სეზონის დასრულების შემდეგ 22-წლიანი მუშაობის შემდეგ ვენგერმა დატოვა “ემირეითსი.’’ ფრანგის მსგავსად კლუბს დაემშვიდობა 33 წლის ესპანელი ნახევარმცველი, რომელსაც 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ აქილევსის ტრავმის გამო არ უთამაშია.

“სანტი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო, რისი თქმის საშუალებასაც მაძლევს მისი საფეხბურთო ნიჭი და ორივე ფეხით თამაშის შესაძლებლობა. ის მოედანზე ყოველთვის იყო თავისუფალი, ლაღი და სიხარულით სავსე, რაც ასე იშვიათია თანამედროვე ფეხბურთში’’ - აღნიშნა ''არსენალის'' აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

''არსენალის'' ოფიციალურმა twitter-ის გვერდმა ესპანელის ვიდეომიმართვა გაავრცელა: ‘‘ძალიან დამწუხრებული ვარ “არსენალის’’ დატოვების გამო. ლონდონურ გუნდში სასიამოვნო დრო გავატარე და აქ გატარებული პერიოდი კარგად გამახსენდება. დიდი მადლობა ქომაგებს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. ჩემთვის “არსენალში’’ თამაშის პერიოდი დაუვიწყარია. სამწუხაროა განშორება დიდებული პერიოდის შემდეგ.''

შეგახსენებთ, კაზორლას ტრავმის მოშუშების პერიოდს ახლდა სირთულეები, რის გამოც 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ ესპანელმა რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. გასულ წელს Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში სანტი ამბობს: „ექიმმა მითხრა, რომ მადლობელი უნდა ვყოფილიყავი, თუ ბავშვთან ერთად ბაღში გავისეირნებდი. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჭრილობა ადვილად არ ხორცდებოდა, რის გამოც მასში ინფექცია იჭრებოდა.“

მიუხედავად სირთულეებისა გასული სეზონის მიწურულს სანტის მოედანზე დაბრუნების ალბათობა არსებობდა, თუმცა ვენგერმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს არ უნდა გაერისკა და უმჯობესი იქნებოდა შემდეგ სეზონში დაბრუნებოდა მოედანს. კაზორლას დაბრუნება მართლაც შემდეგ სეზონში შედგება, თუმცა ფეხბურთელი ''არსენალის'' მაისურს აღარ მოირგებს.

კაზორლამ ''არსენალის'' შემადგენლობაში 190 მატჩი ჩაატარა. ''ვილიარეალის,'' ''უელვასა'' და ''მალაგას'' ყოფილმა ნახევარმცველმა 190 შეხვედრაში 29 გოლი შეაგდო და 46 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება კონკრეტულად პრემიერლიგაში გამართულ შეხვედრებს, ესპანეთის ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველის ანგარიშზე 129 თამაშში შეგდებული 25 გოლია. გარდა ამისა მის ანგარიშზე 35 საგოლე პასია.

ესპანელმა ''არსენალთან'' ერთად ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ მოიგო (2014, 2015). ასევე ორჯერ გახდა FA Community Shield-ის გამარჯვებული (2014, 2015).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები