მესი:
Aa
Aa

მესი: "გრიზმანი მომწონს" - ჩავი: "ინიესტა ჩემზე გაცილებით კრეატიული იყო"

„კამპ ნოუმ“ ანდრეს ინიესტა გააცილა. ბარსელონაში 20 მაისის კვირა საღამოს არასდროს დაივიწყებენ.

ამ მეტად ემოციური შეხვედრისა და გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ ესპანელმა ჟურნალისტებმა ლეო მესის უხერხული კითხვა დაუსვეს. საუბარია ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე.

RAC1-ის კითხვაზე მესის პასუხი საკმაოდ მრავლისმთქმელი იყო: „აშკარაა, რომ მე გრიზმანი მომწონს. როგორც ყოველთვის, „ბასელონაში“ ვამბობთ, რომ გუნდში საუკეთესოების ხილვა გვსურს და დიახ, გრიზმანი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“.

რამდენიმე დღის წინ მადრიდულმა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესისა და გრიზმანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ კატალონიელთა ათიანმა ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ გრიზმანის ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდება. ფეხბურთელი კი ყოველწლიურად ხელფასის სახით 15 მილიონ ევროს მიიღებს.

კონტრაქტის ვადად 5 წელი სახელდება. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.

აქვე იმასაც დავამატებთ, რომ წლევანდელი სეზონის ბოლო შეხვედრა, რომელიც „ატლეტიკომ“ მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართა, გრიზმანისთვის არც თუ ისე სახარბიელოდ წარიმართა.

„როხიბლანკოს“ ქომაგებმა გრიზმანს უსტვინეს. მათი დამშვიდება დიეგო გოდინმა სცადა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ტრანსფერი ფაქტიურად გადაწყვეტილია.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ჩავიც ესაუბრა და „ბარსელონაში“ ინიესტას პირველი დღეები გაიხსენა.

„ჯერ კიდევ კარგად მახსოვს ანდრესთან პირველი შეხვედრა. მე ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი, ის კი არასრულწლოვნებში იყო. კლუბის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩემთან მოვიდა და მითხრა - ჩავი, აქ არის ერთი ბიჭი, რომელიც საუკეთესო გახდება.

როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე, ვთქვი - ეს ბიჭი მე არ მგავს, როგორც ამბობენ ის განსხვაბულია.

ის გაცილებით კრეატიული იყო. მას უკეთესი დრიბლინგი ჰქონდა და ბურთთან ისეთი სიტუაციებიდან ძვრებოდა, საიდანაც ერთი შეხედვით გამოსავალი არ ჩანდა.

თქვენ უყურებდით, თუ როგორ თამაშობდა ის და ეს ნამდვილი შოუ იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები