Aa
Aa

"34 წლის ასაკში მე გუნდს ვტოვებ, მაგრამ ჩემი გული მუდამ აქ დარჩება"

ლა ლიგის დასკვნით 38-ე ტურში „ბარსელონამ“ „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

„ბარსამ“ ფელიპე კოუტინიოს ულამაზესი გოლით გაიმარჯვა და სეზონი 93 ქულით დაასრულა.

რა თქმა უნდა, მატჩის მთავარი მოვლენა ანდრეს ინიესტას გაცილება იყო.

„ბარსას“ ლეგენდარულმა რვიანმა კლუბში თავისი 16 წლიანი კარიერა დაასრულა.

22 წლის წინ, 1996 წელს ინიესტა „ლა მასიაში“ ჩაირიცხა და მას შემდეგ სხვა გუნდის მაისურით მას არ უთამაშია.

„ილუზიონისტის“ ბარსელონური მონაგარი ასე გამოიყურება - 674 მატჩი, 57 გოლი და 142 საგოლე გადაცემა, თუმცა ინიესტას თამაშის აღწერა სტატისტიკით უბრალოდ შეუძლებელია.

მატჩის დასრულების შემდეგ კატალონიელებმა თავიანთი ალბასეტელი ლეგენდა ისე გააცილეს, როგორც მას შეეფერებოდა.

ინიესტამ „კამპ ნოუს“ გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა, რომელიც ძალიან ემოციური იყო.

„ეს იყო წარმოუდგენელი 22 წელი. ჩემთვის ამ გუნდის ღირსების დაცვა დიდი პატივი იყო. ჩემთვის ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.

მინდა თითოეულ თანაგუნდელსა და ტრიბუნებზე შეკრებილ ქომაგებს მადლობა გადაგიხადოთ. 34 წლის ასაკში მე გუნდს ვტოვებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემი გული მუდამ აქ დარჩება.

ყველას დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვისა და პატივისცემისთვის, რომელსაც ჩემს მიმართ იჩენდით მაშინ, როდესაც აქ მოვედი როგორც ბავშვი და ახლა, როცა მივდივარ, როგორც კაცი. ვისკა ბარსა, ვისკა კატალონია, ვისკა ფუენტალვილია“.

ამის შემდეგ იყო 90 ათასამდე გულშემატკივრის აპლოდისმენტები და ზღაპარიც ასე დასრულდა... „ბარსელონა“ აღარ იქნება ისეთი, როგორიც ბოლო წლებში იყო, „ბლაუგრანა“ კიდევ ერთმა ჯადოქარმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები