ტაისონ ფიურის მეტოქის ვინაობა ცნობილია!
Aa
Aa

ტაისონ ფიურის მეტოქის ვინაობა ცნობილია!

ტაისონ ფიურის მომავალი ოპონენტის ვინაობა ცნობილია. ბრიტანელი მოკრივე 9 ივნისს, მანჩესტერში, სეფერ სეფერის დაუპირისპირდება.

სეფერი შვეიცარიაში დაბადებული ალბანელია და მისი ზედმეტსახელი „ალბანელი ფიურია“. მას კარიერაში 24 მატჩიდან წაგებული მხოლოდ 1 აქვს. იგი სხვა წონით კატეგორიაში გამოდის (cruiserweight) და ფიურისთან დაპირისპირების გასამართად წონის მომატება მოუწია.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტაისონმა განაცხადა: „ერთი სული მაქვს, რინგზე როდის გავალ და საკუთარ სიძლიერეს დავამტკიცებ. ვფიქრობ, ფორმის პიკში ვიმყოფები და 2015 წელთან შედარებით გაცილებით ძლიერი მოკრივე ვარ“.

„შეხვედრამდე სამი კვირა დარჩა და მახარებს ის ფაქტი, რომ კარიერაში პირველად მანჩესტერის არენაზე ვიჩხუბებ. ქომაგებს საოცარ მატჩს ვპირდები და ერთგულებისთვის მადლობას ვუხდი“.

მომავალ მატჩს სეფერიც გამოეხმაურა და აღნიშნა: „ფიურის იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის! მე გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“.

„ტაისონი 21 საუკუნის ლეგენდაა, თუმცა მანჩესტერში მხოლოდ ერთი მიზანი მექნება! მისი განადგურება!“

„ფიური მაღალი და ძლიერი მოკრივეა, მაგრამ 9 ივნისს იგი ჩემს მიერ განხორციელებულ ზეწოლას ვერ გაუძლებს. ტაისონი რინგზე დიდი ხანია არ გამოსულა და არავინ იცის არის თუ არა იგი ისევ ის მოკრივე, რომელმაც ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა“.

ტაისონ ფიურის პრომოუტერმა ფრენკ უორენმა განაცხადა: „ტაისონი დაბრუნდა! იგი საოცარი ფორმაში იმყოფება და მსოფლიო დომინაციისკენ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად მზადაა“.

„ფიური რინგზე დიდი ხანია არ გამოსულა, ამიტომ მისი ჯოშუასთან ან უაილდერთან დაპირისპირება სრული სისულელე იქნებოდა. დარწმუნებული ვარ იგი გულშემატკივრებს საკუთარი ბრძოლით კვლავ სიამოვნებას მიანიჭებს და მალე საუკეთესო გახდება“.

„სეფერი ცუდი მოკრივე ნამდივლად არაა. მან მსოფლიო დონის მებრძოლთან, მანუელ ჩართან, მშვენივრად იასპარეზა“.

ცხელი ამბები