Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

გოლდენ სტეიტი - ჰიუსტონი 126 – 85

გამთენიისას დასავლეთ კონფერენციაში ფინალური რაუნდის მესამე შეხვედრა გაიმართა. სერიამ ოკლენდში გადაინაცვლა და „ორაქლ არენაზე“ გამართულ პირველ დაპირისპირებაში „გოლდენ სტეიტმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

 

„მეომრებმა“ ყველა მეოთხედი მოიგეს და ტეხასელებს 41! ქულიანი სხვაობით აჯობეს.

„უორიორსის“ მხრიდან 10 ქულიანი ნიშნული ერთბაშად 6-მა კალათბურთელმა გადალახა. „მეომრებს“ 35 ქულით „ოქროს ბიჭუნამ“ - სტეფ კარიმ ულიდერა. კევინ დურანტმა თავი 25 ქულას მოუყარა. დრეიმონდ გრიმნა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 10 ქულა, 17 მოხსნა. კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

„ჰიუსტონმა“ სროლების 39.5% გამოიყენა და ბურთი 19-ჯერ დაკარგა, რასაც „გოლდენ სტეიტის“ დონის გუნდი, რომელიც საკუთარ პარკეტზე ასპარეზობს, ნამდვილად არ გაპატიებს.

ტეხასელების მხრიდან 20 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. კლინტ კაპელამ და კრის პოლმა 13-13 ქულა მიითვალეს. ერიკ გორდონმა კი გუნდს 11 ქულა შესძინა.

სერია „გოლდენ სტეიტს“ მიჰყავს - 2-1 და შემდეგი შეხვედრა ისევ ოკლენდში, 23 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები