გაშლილი ხელებით - მესისა და გრიზმანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
Aa
Aa

გაშლილი ხელებით - მესისა და გრიზმანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ანტუან გრიზმანის ტრანსფერის გაოფიციალურებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

დარჩენილია მხოლოდ ფორმალობები, რომელთაგან ერთ-ერთი დღეს მოგვარდა.

ესპანური Sport-ის ინფორმაციით უკვე ცნობილია, თუ რამდენი იქნება გრიზმანის "ბარსელონური" ანაზღაურება.

ფრანგი ფორვარდი ყოველწლიურად 15 მილიონ ევროს მიიღებს და ამას პლიუს ბონუსებიც დაემატება, რომელიც უშუალოდ მის თამაშზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შედეგებს დააფიქსირებს ის გუნდთან ერთად.

აღშანიშნავია, რომ გრიზმანი "ბარსელონაში" მესის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

კატალონიელთა მომავალი შვიდიანი ლუის სუარესსაც გადაასწრებს.

"ატლეტიკო" თავისი ლიდერის შენარჩუნებას ბოლომდე ცდილობდა და მას წლიურად 25 მილიონსაც სთავაზობდა, მაგრამ გრიზმანს ტიტულების მოგება და მესის გვერდით თამაში სურს - ამ ორმა ფაქტორმა ყველაფერი გადაფარა.

მადრიდული AS-ი, რომელიც Marca-სგან განსხვავებით "ყვითელი" სიახლეების გავრცელებისგან თავს იკავებს წერს, რომ გრიზმანის ტრანსფერში ერთ-ერთი მთავარი როლი ლეო მესიმ ითამაშა, რომელმაც ფრანგ ფეხბურთელს დაურეკა და მათ შორის საუბარი შედგა.

ამ ინფორმაციას ფრანგი ფეხბურთელის გარემოცვაც ადასტურებს. ფეხბურთელებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მესიმ გრიზმანს პირდაპირ უთხრა, რომ "კამპ ნოუს" გასახდელში მას გაშლილი ხელებით შეეგებებიან.

ესპანური პრესა წერს, რომ მესის მის ირგვლივ უმაღლესი დონის შემსრულებლების ხილვა სურს და ის, რაც წლევანდელ სეზონში მოხდა (საუბარია ტაქტიკურ ექსპერიმენტებზე) აღარ უნდა განმეორდეს.

პირველ ივლისს "ბარსა" გრიზმანის კონტრაქტს 100 მილიონად გამოისყიდის და ტრანსფერს ოფიციალურად დახურავს, თუმცა ვარაუდობენ, რომ შეთანხმება გაცილებით ადრე გამოცხადდება.

ესპანელები არც იმას გამორიცხავენ, რომ "ბარსამ" ტრანსფერში უსმან დემბელეც ჩართოს და ახალგაზრდა ფრანგი 1 წლიანი იჯარით მადრიდში გაუშვას. ასევე, არის მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვით კატალონიელები "როხიბლანკოს" 100 მილიონზე მეტს გადაუხდიან და ეს მათ შორის არსებული კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები