Aa
Aa

კაკაბაძის გუნდის საოცარი გამარჯვება - სამადლობელი ჟესტი სპორტულ დირექტორს

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში ''ხიმნასტიკმა'' საკუთარ მოედანზე 5:3 დაამარცხა ''ლეონესა.'' აღსანიშნავია რომ პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელებმა 21-წუთიან მონაკვეთში 4 გოლი შეაგდეს და საბოლოოდ 5:3 გაიმარჯვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ''ლეონესას'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. არბიტრმა 51-ე წუთზე კაკაბაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა.

''0:2–დან 5:3... აი, რატომ მიყვარს ეს სპორტი, ბრძოლა გრძელდება!'' - დაწერა კაკაბაძემ facebook-ის პირად გვერდზე. კაკაბაძე ასევე წერს: ''უსიტყვოდ! Gracias Viqueira!'' ქართველი მოთამაშე მადლობას უხდის კლუბიდან წასულ სპორტულ დირექტორ  ემილიო ვიკეირას, რომელმაც წარუმატებელი შედეგების გამო ''ხიმნასტიკი'' თავისი ნებით დატოვა. დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ვიკეირა კლუბს დაემშვიდობა.

დღევანდელი ფორმაციის ''ხიმნასტიკი'' სწორედ ვიკეირას დაკომპლექტებულია. ვიკეირამ ''ხიმნასტიკში'' გიორგი აბურჯანია და ოთარ კაკაბაძე მიიწვია. შეგახსენებთ, შემდგომში ''ხიმნასტიკმა'' აბურჯანია ''სევილიაში'' გაყიდა.

ოთარ კაკაბაძისა და მის თანაგუნდელი მაიკელ მესას მადლობა კლუბიდან წასულ სპორტულ დირექტორს

2016 წლის ზაფხულიდან ოთარ კაკაბაძე ესპანური გუნდის ფეხბურთელია. 2016-17 წლების სეზონის მეორე ნახევარი განათხოვრებით დანიურ ''ესბიერგში'' გაატარა. მიმდინარე სეზონში 22 წლის მარჯვენა მცველმა ლა ლიგა 2-ის 34 მატჩში 1 გოლი შეაგდო.

22-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში ''ხიმნასტიკი'' 46 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური რჩება. შემდეგ ტურში 27 მაისს ''ხიმნასტიკი'' ''უესკას'' ესტუმრება, რომელიც ლა ლიგაში აღზევებასთან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები