''ჩემი ოცნება NBA-ში თამაშია'' - ''ევროპულ ვარიანტებს არ განვიხილავ''
Aa
Aa

''ჩემი ოცნება NBA-ში თამაშია'' - ''ევროპულ ვარიანტებს არ განვიხილავ''

სერბული ''მეგა ბემაქსის'' 18 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე შესაძლოა NBA-ს დრაფტზე ვიხილოთ. იტალიური Sportando-ს ვარაუდით ქართველ კალათბურთელს დრაფტზე 26-ე ნომრად ''ფილადელფია'' აირჩევს.  ამ თემაზე გოგა ბითაძე crystalsport-ს ესაუბრა.

''NBA-ში კარიერის გაგრძელების შანსი ნამდვილად მაქვს. ჩემი აგენტი დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, რადგან მე პირადად არც ერთ გუნდთან მისაუბრია.

ვფიქრობ სერბეთში საკმაოდ კარგ სეზონს ვატარებ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სერბეთის ჩემპიონატში ჩემი პირველი სეზონია. ამ ეტაპზე ევროპულ ვარიანტებს არ განვიხილავთ, ჩემი ოცნება NBA-ში თამაშია.

ზოგადად ვფიქრობდი რომ კარიერის NBA-ში გაგრძელების შესაძლებლობას მივიღებდი, მაგრამ თუ ეს 18 წლის ასაკში მოხდებოდა ნამდვილად არ მეგონა.

ამერიკის ნაციონალური ასოციაციის ნებისმიერ გუნდში მოხვედრა უდიდესი მიღწევა იქნება.  ეს ხომ ყველა კალათბურთელის ოცნებაა.

ბავშვობაში ჩემი საყვარელი კალათბურთელები ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია იყვნენ. ვოცნებობდი მეც მეთამაშა ამერიკაში, მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში და თუ ოცნება ამიხდება, ძალიან  ბედნიერი ვიქნები და კარიერაში ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამ წინ'' - აღნიშნა გოგა ბითაძემ.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის ამომავალ ვარსკვლავებს შორის მე-2 პოზიციაზე გავიდა. 

აღსანიშნავია, რომ ადრიატიკის ლიგის დასრულებულ რეგულარულ სეზონში, სადაც "მეგა ბიმაქსმა" მე-9 ადგილი დაიკავა, გოგა საშუალოდ 11,8 ქულას, 6,9 მოხსნასა და 2,1 ბლოკს აკეთებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები