Aa
Aa

"პარმა" სერია A-ში დაბრუნდა! - ლუკარელიმ პირობა შეასრულა...

იტალიის სერია B-ს რეგულარული სეზონი დასრულდა, რომლის ბოლო ტურშიც "ფროზინონემ" უმნიშვნელოვანესი ქულები ბოლო წუთებზე დაკარგა და მის ნაცვლად ,უმაღლეს ლიგაში ფლეი-ოფის გარეშე, "პარმა" გადავიდა.

ემილიელები სტუმრად "სპეციას" ხვდებოდნენ, რომლის დაწინაურებაც პენალტიდან ალბერტო ჯილარდინოს (2002-2005 წლებში "პარმაში" თამაშობდა) შეეძლო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, "კროჩიატიმ" 2:0 იმარჯვა, რითაც "ემპოლის" მსგავსად სერია A-ში თამაში გაინაღდა.

"პარმას" კაპიტანი და ბოლო პერიოდის ერთ-ერთი სიმბოლო ალესანდრო ლუკარელია, რომელიც რამდენიმე თვეში 41 წლის ხდება. როცა კლუბი გაკოტრდა და სერია D-ში დაქვეითება მოუწია, მან პირობა დადო, რომ "პარმას" არ მიატოვებდა და მასთან ერთად სერია A-ში დაბრუნდებოდა.

"მე პირობა მოგეცით. ვთქვი, რომ "პარმასთან" ერთად სერია A-ში დავბრუნდებოდი. სიტყვა შესრულებულია! 

ეს ყველაფერი არარეალურია, შეუძლებელია. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა, საუკეთესო ოცნებაშიც ვერ ვიფიქრებდი იმას, რაც ახლა ხდება. ესაა იმ მოგზაურობის ბრწყინვალე დასასრული, რომელიც 3 წლის წინ ჩვენს გასაოცარ ფანებთან ერთად დავიწყეთ.

არაერთი რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ბიჭებს თავი არასდროს ჩაუხრიათ და დანებებაზე არ უფიქრიათ, ვამაყობ, რომ მათი კაპიტანი ვარ". - განუცხადა ლუკარელიმ Sky Sport Italia-ს.

ალესანდრო ლუკარელი "ჯალობლუს" რიგებში 2008 წლიდან თამაშობს და კლუბის მაისურით 400-ზე მეტ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. 

"პარმა" 90-იან წლებში იტალიის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო. მან იმ პერიოდში 2-ჯერ უეფას თასი, ევროპის სუპერ თასი, თასების მფლობელთა თასი, 3-ჯერ იტალიის თასი და ქვეყნის სუპერ თასი მოიგო.

გუნდი 2015 წელს გაკოტრდა და იმავე ზაფხულიდან გამოსვლა იტალიის უდაბლეს ლიგაში, სერია D-ში დაიწყო, ზედიზედ 4 სეზონში სხვადასხვა ლიგაში დაწინაურება მოახერხა, ახლა კი უკვე უმაღლეს ლიგაშია.

სერია B-დან უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი გუნდი დაწინაურდება, რომელსაც მოახლოებული ფლეი-ოფის ეტაპი გამოავლენს. მე-3 ადგილოსანი "ფროზინონე" და მე-4 ადგილოსანი "პალერმო" ფლეი-ოფის 1/2 ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდნენ, "ბარი", "ჩიტადელა", "ვენეცია" და "პერუჯა" კი 1/2 ფინალის კიდევ 2 მონაწილეს გამოავლენენ.

ფლეი-ოფის 1/4 ფინალური სტადია ერთმატჩიანია და მასპინძელი იმის მიხედვით ირჩევა, რომელმა გუნდმა უფრო მაღალი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, "ბარი" "ჩიტადელას" უმასპინძლებს, "ვენეცია" კი - "პერუჯას".

1/2 ფინალში გუნდები ბადის მიხედვით დაწყვილდებიან და ასპარეზობას უკვე ორმატჩიანი დაპირისპირებებით გააგრძელებენ. 

დავამატოთ ისიც, რომ ხსენებული გუნდებიდან 3-ს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ავარჯიშებს - "ბარის" მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსოა, "ვენეციას" ფილიპო ინძაგი ავარჯიშებს, ხოლო "პერუჯას" თავკაცად ალესანდრო ნესტა რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები