''საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების დიდი პერსპექტივაა''
Aa
Aa

''საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების დიდი პერსპექტივაა''

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში საქართველო უმასპინძლებს. ტურნირი ბაკურიანსა და გუდაურში გაიმართება. ამ თემაზე მედიას საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ესაუბრა. მისი თქმით საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების დიდი რესურსია.

''ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების უდიდესი პერსპექტივაა. ბუნებრივი პირობები ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას ხელს უწყობს, რასაც არაერთი ექსპერტი აღიარებდა და დღეს კიდევ იმით დადასტურდა, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდი მაშტაბის ტურნირი ჩატარდება'' - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

''მთელ საქართველოს მინდა მივულოცო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გაადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც საქართველოს მიენიჭა 2023 წლის თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის პატივი. 

განსაკუთრებით, აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის წვლილი და ძალისხმევა, ამ წარმატებული შედეგის მიღწევაში.

სათხილამურო სპორტს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენი სპორტის განვითარების სტრატეგიაში, რომელზე მუშაობის დაწყებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. სათხილამურო სპორტის განვითარება საქართველოში არა მარტო ამ დარგის წინ სვლაზე აისახება, არამედ მთლიანად ქვეყნის დემოგრაფიისთვის და ეკონომიკისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ის პირდაპირ პროპორციულად გამოიწვევს საქართველოში სამთო ტურიზმის ზრდას და დიდწილად ხელს შეუწობს მთიან რეგიონში ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას, რაც დღეს საქართველოს ერთერთი მტკივნეული პრობლემაა.

ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველში სამთო-სათხილამურო კურორტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ, ისევე როგორც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათხილამურო სპორტი ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც ავტომატურად გამოიწვევს სპორტის ამ სახეობებში მასობრიობის ზრდას. 

ახლა კი, კიდევ ერთხელ ვულოცავ მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით ბაკურიანელებს და გუდაურელებს ამ უდიდეს გამარჯვებას'' - აღნიშნავს ყაველაშვილი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ

საქართველო თავისუფალი სტილით სათხილამურო და სნოუბორდის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

ცხელი ამბები