Aa
Aa

არის მეექვსე! - ტოჩინოშინის ძლევამოსილი სვლა გრძელდება!

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე მაისის "ნაცუ ბაშოზე" გამოსვლას აგრძელებს. ტურნირის მე-6 დღეს მისი მოწინააღმდეგე იუტაკაიამა გახლდათ, რომელიც წოდებით მე-3 მაეგაშირაა და ჩვენებურთან პირველ ურთიერთშეხვედრას მართავდა. 

ამ მატჩამდე, ტოჩინოშინის მონაგარი 5 მოგება იყო, ხოლო იუტაკაიამა საწყის ხუთივე შეხვედრაში დამარცხდა.

დაპირისპირება მეტოქის უპირატესობით დაიწყო, თუმცა ტოჩინოშინმა ბრძოლის შემოტრიალება მოახერხა და საბოლოოდ მოწინააღმდეგე ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა.

გორგაძემ "ნაცუ ბაშოზე" ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო და ჰაკუჰოს მარცხის შემდეგ, ერთპიროვნულად გალიდერდა. - მისი მოგება-წაგებათა ბალანსი 6:0-ზეა. ტოჩინოშინის შემდეგ ცხრილში 5:1 ბალანსით ერთბაშად 6 სუმოისტი მოდის, მათ შორის უმაღლესი წოდების (იოკუძუნა) კაკურიუ და ჰაკუჰო.

ქართველი სეკივაკე ხვალ მომდევნო შეხვედრას ენდოს წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც წინა ბაშოზე ულამაზესი ილეთით მოუგო.

 

საერთო ჯამში, ეს სუმოისტები 6-ჯერ დაუპირისპირდნენ და ანგარიშში სრული თანაფარდობაა. ენდოს კომუსუბის წოდება აქვს. იგი 27 წლის გახლავთ, 152 კგ.-ს იწონის და 184 სმ. სიმაღლისაა. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ თუკი ტოჩინოშინი მიმდინარე ბაშოს 10:5-ზე ბალანსით დაასრულებს, არის შანსი, რომ სუმოს იერარქიაში იოკუძუნას შემდეგ რანგით მე-2 წოდება - ოძეკი მიიღოს, ხოლო თუ მინიმუმ 11 გამარჯვებას მოიპოვებს, ოძეკი ყველა ვარიანტში გახდება.

ცხელი ამბები