შარაპოვამ ციბულკოვას მოუგო, კერბერმა წვალებით იმარჯვა...
Aa
Aa

შარაპოვამ ციბულკოვას მოუგო, კერბერმა წვალებით იმარჯვა...

რომის მასტერსის ქალთა თანრიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე რამდენიმე საინტერესო აფიშა იყო, რომელთა შორისაც გამორჩეული შარაპოვა-ციბულკოვა გახლდათ.

სლოვაკ ჩოგბურთელს ბოლო დროს საკმაოდ ცუდი შედეგები აქვს, თუმცა გუშინდელ მატჩში უპირატესობას ფლობდა და პირველი სეტი დამაჯერებლად, 6:3 მოიგო. მეორე პარტიაში თანაბარი ორთაბრძოლა იყო, მაგრამ შეხვედრის გარდამტეხი მომენტი სეტის ბოლოს დადგა, როცა შარაპოვამ მოუმატა, 6:4 მოიგო და მესამე სეტში უკვე სრულიად თავისუფლად თამაშობდა - 3:6; 6:4; 6:2.

აღნიშნულ შეხვედრაში ჩოგბურთელებმა ერთი ბრწყინვალე გათამაშება შემოგვთავაზეს, რომელიც შარაპოვას სუპერდარტყმით დასრულდა.

 

თავიანთი მატჩები მოიგეს სიმონა ჰალეპმა, კაროლინ ვოზნიაცკიმ, ვენუს უილიამსმა, სლოუნ სტივენსმა და ანგელიკ კერბერმა. ამ უკანასკნელს რუმინელ ირინა-კამელია ბეგუსთან უმძიმესი მატჩი ჰქონდა და საბოლოოდ 3:6; 7:5; 7:5 იმარჯვა. 

დღის მთავარი სენსაცია კაროლინა პლიშკოვასა და მარია საკარის შეხვედრაში დაფიქსირდა. მსოფლიოს მე-5 ნომერმა ბერძენ მოწინააღმდეგეს ვერაფერი მოუხერხა და 3 სეტში დამარცხდა. ასევე აღსანიშნავია გარბინ მუგურუსას დარია გავრილოვასთან წაგებაც. გაავსტრალიელებულმა რუსმა მესამე სეტი ტაიბრეიკზე აიღო - 5:7; 6:2; 7:6.

დღეს 1/8 ფინალური სტადიის რვავე შეხვედრა უნდა ჩატარდეს. შარაპოვა გავრილოვას დაუპირისპირდება, ვოზნიაცკი კი "კერკეტ კაკალ" ლატვიელ ანასტასია სევასტოვას შეერკინება. სტივენსისა და კაროლინ გარსიას მატჩიც გამოსარჩევია, სიმონა ჰალეპმა კი მედისონ კიზის უარის გამო 1/4 ფინალურ ეტაპზე ბრძოლის გარეშე გააღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები