ანტუან გრიზმანი: „მეტი ტიტულის მოგება მსურს“
Aa
Aa

ანტუან გრიზმანი: „მეტი ტიტულის მოგება მსურს“

ევროპის ლიგაზე მიღწეული გამარჯვების შემდეგ ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ მას მეტი ტიტულის მოგება სურს. ანტუანმი ევროპა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა და გაბის გატანილ გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა. 

„როხიბლანკოში“ გადასვლის შემდეგ 27 წლის შემტევმა მხოლოდ ერთი ტიტულის - ესპანეთის სუპერ თასის მოგება მოახერხა.

“BEIN SPORTS”-თან საუბრისას გრიზმანმა განაცხადა: „სახლი 14 წლის ასაკში იმიტომ დავტოვე, რომ ტიტულების მოგება მინდოდა. ეს ესპანეთის სუპერ თასის შემდეგ ჩემი მეორე ჯილდოა და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ბევრი იქნება“

„მარსელი შემტევი გუნდია, ჩვენ მწვრთნელის დავალება იდეალურად შევასრულეთ, თავი კარგად დავიცავით და მათი შეცდომები მაქსიმალურად გამოვიყენეთ“.

გავრცელებული ინფორმაციით „ბარსა“ მზადაა გრიზმანის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა „ატლეტიკოს“ გენერალური მენეჯერი, კლემენტე ვილავერდე აცხადებს, რომ კლუბი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ანტუანი შესანიშნავი მოთამაშეა და ოთხშაბათს თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს და ყველაფერს ვიზამთ, რომ იგი მადრიდში დარჩეს“.

„ატლეტიკოს“ მარჯვენა მცველმა ხუანფრანმა გრიზმანის სავარაუდო წასვლაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „დარწმუნებული ვარ ანტუანი გუნდში დარჩება და იგივე შედეგის გამეორებას მომავალ წელსაც მოვახერხებთ“.

ევროპა ლიგაზე წარმატების მიღწევის შემდეგ "ატლეტიკოს" აღმასრულებელი დირექტორი, მიგელ ანხელ გილ მარინი გრიზმანის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა: "ყველაფერი დამოკიდებული გრიზმანზე იქნება. მას არჩევანის გაკეთება ორ გუნდს შორის მოუწევს, ერთის მხრივ "ატლეტიკო", სადაც ყველაფერი მასზეა აგებული და მეორეს მხრივ "ბარსელონა", სადაც იგი ისტორიაში ვერასდროს შევა. არ ვიცი რა მოხდება მაგრამ თუ იგი გუნდს დატოვებს ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს აუცილებლად ვცემთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები