ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან დამარცხდა

რომის მასტერსის 1/16 ფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და 2 სეტში, 4:6; 2:6 დამარცხდა.

თამაშის პირველი პარტია თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და 2:3-ზე ორმაგი ბრეიკ-პოინტის მოგერიების შემდეგ, ბასილაშვილს შემდეგ გეიმში 4 ბრეიკ-პოინტი მიეცა, თუმცა შანსები ვერ გამოიყენა და მე-10 გეიმში ჯოკოვიჩმა სეტი პირველსავე სეტ-პოინტზე დახურა.

სერბმა მეორე სეტი უფრო თავისუფლად დაიწყო და ბრეიკი თავიდანვე შეასრულა, რის შემდეგაც უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. 

საერთო ჯამში, შეხვედრა საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილს ჩაწოდება არ წაუვიდა, 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ 1 ეისი მოაწოდა. პირველ მოწოდებაზე ქულების 69%, ხოლო მეორეზე 41% მოიგო.

საუკეთესო თამაში არც ჯოკოვიჩს უჩვენებია, რომელიც ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორსაა და მის ასპარეზობაში უამრავი ხარვეზი იყო. სერბი ტურნირის მომდევნო რაუნდში ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის შემდეგ, ჯოკოვიჩთან დაპირისპირებაც გამოსცადა. ნიკოლოზს ბოლო წლებში გამორჩეულ ჩოგბურთელთაგან, მხოლოდ ენდი მარეისთან და სტენ ვავრინკასთან არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები