მესი:
Aa
Aa

მესი: "რაიმეს დასამტკიცებლად სხვაგან წასვლა არ მჭირდება..."ღმერთმა იცის რა უნდა მოხდეს..."

"ბარსელონას" არგენტინელმა ათიანმა ლეო მესიმ Tyc Sports-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა.

მესიმ ჟურნალისტს საკუთარ სახლში უმასპინძლა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ნაკრებიდან წასვლა

"რა თქმა უნდა, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ახლაც კარგად მახსოვს. რაც მოხდა მოხდა. ისიც კარგია, რომ ფინალამდე მივედით.

ამ თემასთან დაკავშირებით საუბრისას ადრე დაძაბული ვიყავი ხოლმე, თუმცა ახლა ეს ასე აღარ არის.

ნაკრებთან ერთად ბოლო 10 წლის განმავლობაში 3 ფინალი ვითამაშე და ყველა მათგანი წავაგე.

როდესაც სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განვაცხადე, იმ ხალხს ვინც თავისი ოცნებისთვის იბრძვის, ცუდი მაგალითი მივეცი.

რისი მიღწევაც გვსურს, ამისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

რუსეთის მუნდიალი რომც ვერ მოვიგოთ სანაკრებო კარიერას მაინც არ დავასრულებ“.

საუკეთესოს წოდება და რონალდუსთან კონკურენცია

"მე, არასდროს მითქვამს, რომ საუკეთესო მოთამაშე ვარ. ჩემს ინტერესებში არ შედის, რომ ისტორიაში საუკეთესოს წოდება მოვიპოვო. ჩემი მიზანია, რომ წლიდან წლამდე კიდევ უფრო განვვითარდე.

რონალდუს არ ვეჯიბრები. როცა ვუყურებ, თუ როგორ იგებს "რეალი" ჩემპიონთა ლიგას, ეს მე დიდ მოტივაციას მაძლევს და მსურს, რომ ლიგა ყოველ წელს მოვიგო.

ჩემთვის მთავარი მოედანზე გასვლა და 100%-ით დახარჯვაა. მე ჩემი გუნდისა და თანაგუნდელებისთვის ვთამაშობ.

ჩემთვის ნამდვილად არ ექნება მნიშვნელობა, თუ მე ისტორიაში საუკეთესოდ დამასახელებენ.

ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - მოვიგო ყველა ის ტიტული, რომლისთვისაც ჩემი გუნდის მაისურით ვასპარეზობ. ამ მომენტისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ“.

ნეიმარი "რეალში"

"ეს ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა. ნეიმარის ტრანსფერი "რეალს" ძალიან გააძლიერებდა. მე მას ვესაუბრე და მან ეს იცის".

ესპანეთთან მარცხი (1:6)

"ესპანეთთან" 1:6 მარცხი რეალობას ნამდვილად არ ასახავს. პირველ ტაიმშვი ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით, ბურთს ვფლობდით და მომენტებსაც ვქმნიდით.

ესპანეთი თავისი შესანიშნავი შემადგენლობით მუნდიალის ფავორიტად ითვლება, ისევე როგორც ბრაზილია, საფრანგეთი და გერმანია".

"მანჩესტერ სიტი", გუარდიოლა და აგუერო

"აგუეროსთან ერთად თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა ამის გამო "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას არ ვაპირებ.

კუნი გუარდიოლასთან მუშაობის შემდეგ ძალიან გაიზარდა. პეპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მას შეუძლია ისეთი რამე დაგანახოს, რასაც შენ ვერ ხედავ".

"ბარსელონას" დატოვება

"ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და მე "ბარსას" დატოვების სურვილი ნამდვილად არ მაქვს.

ბარსელონა საუკეთესო ქალაქია. აქ ჩემი შვილები იზრდებიან და მათ მეგობრები ჰყავთ. ცვლილებები არ მჭირდება. რაიმეს დასამტკიცებლად სხვაგან წასვლა არ მჭირდება".

"რომასთან" მარცხი

"გულახდილად გეტყვით, ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. ფაქტიურად ნახევარფინალში ვიყავით, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ".

სამპაოლი

"ნაკრების მწვრთნელი ძალიან მომთხოვნია. ის შეხვედრების წინ ბევრს გვესაუბრება. მას სურს, რომ 100%-ით დავიხარჯოთ".

ინიესტა და სუარესი

"მე და ანდრესმა თამაში თითქმის ერთად დავიწყეთ. ჩვენ ერთად ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ. მოედანზე ერთმანეთს იდეალურად ვუგებთ.

ჩემი და სუარესის ურთიერთობა მოედანს მიღმაც გრძელდება და ეს ერთად უკეთ თამაშში გვეხმარება".

საკუთარ თავზე

"საკუთარ თამაშებს არ ვუყურებ ხოლმე. ბოლო წლებში ჩემი სათამაშო სტილი შეიცვალა. მე მასში ახალი ელემენტები შევიტანე.

კარიერის დასრულების შემდეგ ნამდვილად არ ვიცი რას გავაკეთებ. მწვრთნელობას არ ვგეგმავ, თუმცა იგივეს ზიდანიც ამბობდა და ხედავთ დღეს რაც ხდება..."

დღევანდელი ფეხბურთი

"დღევანდელი ფეხბურთი ძალიან კონკურენტუნარიანია. ფიზიკურად გუნდები ძალიან კარგად არიან მომზადებულნი. თუ, შენ გსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ამისთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

დღეს 1:0-ის მოგებასაც უდიდესი შრომა სჭირდება. მოედანზე სივრცეების ძებნა გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ადრე იყო. ტაქტიკა კიდევ უფრო დაიხვეწა და განვითარდა".

მსოფლიო ჩემპიონატზე

"ღმერთმა იცის რა უნდა მოხდეს და თუ ეს ყველაფერი აუცილებლად მოსახდენია, მაშინ ასეც იქნება. ჩვენ ყველანი შევეცდებით, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და ჩემპიონები გავხდეთ.

წინა ჯერზე ღმერთს არ სურდა, რომ ჩვენ ჩემპიონები გავმხდარიყავით. იმედი მაქვს ამჯერად ასე არ იქნება და ჩვენ მიზანს მივაღწევთ“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები