„ასტონ ვილას“ ყოფილი ფეხბურთელის ტრაგიკული სიკვდილი
Aa
Aa

„ასტონ ვილას“ ყოფილი ფეხბურთელის ტრაგიკული სიკვდილი

"ასტონ ვილასა" და "ბოლტონის" ყოფილი ფეხბურთელი, ჯეილოიდ სამუელი სამშაბათს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 37 წლის მცველმა შვილები სკოლაში დილის 7:55 საათზე მიიყვანა და  სახლში დაბრუნებისას უარინგტონთან ახლოს ფურგონს შეეჯახა. სამუელის მანქანას ცეცხლი მაშინვე წაეკიდა და სამწუხაროდ საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ფურგონის 54 წლის მძღოლს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა და იგი დღემდე საავადმყოფოში იმყოფება. ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა, სადაც ავტოკატასტროფის შემდგომი სიტუაციაა ასახული. ფეხბურთელის დახმარება რიგითმა მძღოლებმაც სცადეს, თუმცა ჯეილოიდის გადარჩენა მათაც ვერ მოახერხეს.

სამუელი ტრინიდადში დაიბადა და საცხოვრებლად ინგლისში ბავშვობაში გადმოვიდა. ჯეილოიდის პროფესიონალური კარიერა „ჩარლტონში” დაიწყო, რის შემდეგაც იგი „ასტონ ვილაში“ გადავიდა და გუნდთან ერთად 199 შეხვედრა ჩაატარა. სამუელმა ინგლისის 18 და 21 წლამდელთა ნაკრებებში ითამაშა და 2004 წელს შვედეთის წინააღმდეგ ეროვნული გუნდის სათადარიგო სკამზეც გამოჩნდა. „ასტონ ვილას“ შემდეგ სამუელი „ბოლტონში“ წავიდა, „ჯილინგემისა“ და „კარდიფის“ შემდეგ კი კარიერა ირანში დაასრულა. ჯეილოიდის სიკვდილმა საფეხბურთო სამყარო შეძრა, მისმა ყოფილმა გუნდელმა და „მანჩესტერის“ ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, ეშლი იანგმა ტვიტერზე განაცხადა: „ჯეილოიდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეძრწუნებული ვარ. ის საოცარი თანაგუნდელი და იდეალური მეგობარი იყო. „ასტონ ვილაში“ საკუთარი თავის პოვნაში სწორედ სამუელი დამეხმარა... ემას, მის შვილებს და სამუელის ოჯახს თანავუგრძნობ. ჯეი, მშვიდად განისვენე“

„ასტონ ვილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სტენ კოლიმორმა დაამატა: „რაც მოხდა საშინელებაა... სამუელი შესანიშნავი მოთამაშე და ადამიანი იყო. დარწმუნებული ვარ „ასტონ ვილაში“ მის დაკარგვას ბევრი განიცდის და მჯერა, რომ კლუბი მას პატივს აუცილებლად მიაგებს. მშვიდად განისვენე ჯეი“.

„ასტონ ვილას“ და „მიდლსბროს“ ფეხბურთელებმა ჯეილოიდ ფლოიდს პატივი მიაგეს და ჩემპიონშიპის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში მოედანზე შავი სამკლაურებით გამოვიდნენ. შეხვედრის დაწყებამდე გულშემატკივრებმა სამუელი ტაშით გააცილეს.

ჯეილოიდი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი სამოყვარულო გუნდის, „ეგერტონის“ მოთამაშე მწვრთნელი იყო. ფეხბურთელის გარდაცვალებას ტვიტერზე „ასტონ ვილაც“ გამოეხმაურა: „ჩვენი ყოფილი ფეხბურთელის, ჯლოიდ სამუელის, ავტოკატასტროფაში დაღუპვით დამწუხრებულები ვართ და გვსურს თანაგრძნობა მის მეგობრებს და ოჯახის წევრებს გამოვუცხადოთ“. ინგლისის ნაკრების ოფიციალურმა ტვიტერმა სამუელის შესახებ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ჯეილოიდმა ინგლისის 18, 20 და 21 წლამდელთა ნაკრებებში ითამაშა და 2004 წელს უმაღლეს გუნდშიც იასპარეზა, ჩვენ სამძიმარს მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა ნაცნობს ვუცხადებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები