Aa
Aa

"არსენალის" მწვრთნელის პოსტზე გამართული ბოლო პრესკონფერენცია...

„ჰადერსფილდთან“ მიღწეული გამარჯვების შემდეგ არსენ ვენგერმა ჟურნალისტებთან „მეთოფეების“ მწვრთნელის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა…

მატჩის ბედი ვენგერის ბოლო შენაძენმა, ობამეიანგმა გადაწყვიტა, რომელმაც აქტივში გამარჯვების გოლი ჩაიწერა.

შეხვედრის შემდეგ ფრანგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და კარიერის მნიშვნელოვან მომენტებთან ერთად „ჰადერსფილდთან“ დაპირისპირებას შეეხო.

ჟურნალისტი: ნამდვილად განსაკუთრებული დღე იყო - ისიამოვნეთ?

"საოცარი დღე იყო, ქომაგებისგან ისეთი სითბო ვიგრძენი ვფიქრობ წასვლის შესახებ განცხადება ყოველკვირას რომ გამეკეთებინა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა".

"მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. „ჰადერსფილდის“ ქომაგები შესანიშნავად მოიქცნენ. მათ პრემიერ ლიგაში დარჩენა და ჩემი ბოლო შეხვედრა ერთდროულად იზეიმეს. პრემიერ ლიგაში 1235 მატჩი ჩავატარე და ვფიქრობ დროა წავიდე. რაც შეეხება მატჩს, ფეხბურთელებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს და მსურს მათ ამის გამო მადლობა გადავუხადო. მოთამაშეებთან ურთიერთობისგან მშვენიერი გამოცდილება მივიღე, სპორტულ მიღწევებზე მაღლა ადამიანური ურთიერთობები დგას და მინდა ყველა მათგანს წარმატებული მომავალი ვუსურვო".

მატჩის დაწყებამდე არსენალის ქომაგებისთვის თავის დაკვრა სპონტანური იყო?

"დიახ! ვიცი, წლევანდელ სეზონში სტუმრად კარგად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით. ჩვენმა ქომაგებმა გასვლით მატჩებზე დასასწრებად ბევრი ფული დახარჯეს და უიქენდებს მუდამ გუნდთან ატარებდნენ. მე ამ ჟესტით მათ მიმართ პატივისცემა გამოვხატე. ჩვენს შორის დაპირისპირებები და უთანხმოებები მთელი წლის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ  ერთი რამ ყველას გვაერთიანებს - ჩვენ „არსენალი“ გვიყვარს"!

ცაში თვითმფრინავები დაფრინავდნენ...

"სხვათაშორის მათ არასწორი ბანერი გამოფინეს".

მათ შენ ისევ უყვარხარ, ხვდები ეს რამდენს ნიშნავს?

"მესმის... მესმის... ვგრძნობ, რომ პატივს არამხოლოდ „არსენალის“ გულშემატკივრები, არამედ მთელი ინგლისი მცემს. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ინგლისური ფეხბურთი და ზოგადად ინგლისი ძალიან მიყვარს. სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა ამდენი ხნის მანძილზე აქ გაჩერება. სასიამოვნოა, როდესაც ასეთ ემოციებს იმ ადამიანებისგან იღებ, რომლებისთვისაც ფეხბურთი ყველაფერია. ინგლის განსაკუთრებული ქვეყანაა, აქ ფეხბურთს აღმერთებენ და 22 წელი აქ სწორედ ამიტომ გავატარე".

ამბობენ, რომ ინგლისური ფეხბურთი შეცვალეთ. რას ფიქრობთ, მან შენზე როგორ იმოქმედა?

"შეხედეთ ჩემს სახეს - ფეხბურთმა ჩემზე დიდი ცვლილებები მოახდინა".

"თუმცა თქვენთვის ყველაფრის გაგება საკმაოდ რთულია, რადგან წარმოდგენა არ გაქვთ როგორ მიყვარს ინგლისური ფეხბურთი. საოცარი გამოცდილება მივიღე და რთულია მომავალზე ვისაუბრო. დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია სადაც არ უნდა წავიდე მუდამ ინგლისური ფეხბურთის ქომაგად დავრჩები".

მატჩამდე მოედანზე რამდენიმე საათით ადრე გახვედით?

"მსურდა ჩემი ბოლო სამწვრთნელო დღის ჰაერი ჩამესუნთქა. შესანიშნავი ამინდი იყო, ქომაგები საოცრად დამხვდნენ და კარგი საჩუქარიც მივიღე".

"ჰებერტ ჩეპმენმა კარიერის მნიშვნელოვანი პერიოდი სწორედ ამ გუნდში გაატარა. ჩემთვის უკანასკნელ მატჩში ჰადერსფილდთან დაპირისპირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ჩეპმენი ტრიბუნებიდან მიღიმოდა. გასახდელთან ახლოს სწორედ მისი ფოტო იყო გამოფენილი".

ოდესმე „არსენალის“ ოპონენტს გაწვრთნით?

"ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ „არსენალის“ წინააღმდეგ გამოსვლა ნამდვილად რთული მომენტი იქნება. ალბათ მატჩის დღეს სახლში დავრჩები"....

პრემიერ ლიგის სხვა გუნდებიდან შემოთავაზებები გაქვთ?

"დიახ შემოთავაზებები ნამდვილად მაქვს, თან საკმაოდ ბევრი. თუმცა ჯერჯერობით პასუხი არავისთვის გამიცია. არსენალში ბევრი რამ გამოვიარე და მეორე დღესვე სხვა გუნდის ჩაბარება უბრალოდ გამორიცხულია".

ინგლისში მუშაობას აპირებთ?

"არვიცი. მაგრამ ვფიქრობ კარიერის გაგრძელების შემთხვევაში სხვაგან წასვლა უკეთესი იქნება".

ჰადერსფილდმა რა გაჩუქათ?

"მაისური, რომლის ერთი ნაწილზე ჰადერსფილდის ფორმაა გამოსახული, ხოლო მეორეზე არსენალის. ამ ადგილს კარგად ვიცნობ, რამდენიმე წლის წინ სეზონის დაწყებამდე ჩამოვედი და მაშინ გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მიხარია, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნდნენ".

თავს კლუბის ისტორიის ნაწილად გრძნობ?

"ძალიან ამაყი ვარ. კლუბის ქომაგებს ბევრი კარგი მომენტი ვაჩუქე, თუმცა დარწმუნებული არ ვარ ისტორიას რა შემორჩება, მოპოვებული გამარჯვებები თუ განცდილი მარცხები".

"ვფიქრობ ერთადერთი რაც ისტორიას აუცილებლად დარჩება ჩემი გუნდში გატარებული 22 წლიანი პერიოდია".

არსენალის ფეხბურთელებმა რა გაჩუქეს?

"საიდუმლოდ დავტოვებ, რაღაც ხომ უნდა დარჩეს ჩვენს შორის".

"მათთან ერთად მუშაობა სასიამოვნო იყო. წლევანდელ სეზონში ახლოს ბევრ ტიტულთან ვიყავით. ლიგის თასის ნახევარფინალი, ევროპა ლიგის ნახევარფინალი. შინ საოცრად გამოვიყურებოდით, თუმცა სტუმრად თამაშის გაუმჯობესება გვმართებს და დარწმუნებული ვარ ბიჭები მომავალში ამ დაბრკოლებასაც გადალახავენ".

აფრიკელი ფეხბურთელები წასვლის შესახებ საუბრისას ატირდნენ?

"კარიერის მანძილზე ბევრი აფრიკელი ფეხბურთელი მყავდა. ჩემს ერთ-ერთ მეგობართან ერთად აფრიკაში სკოლაც კი გავხსენი. ტურე, ებოუე, ვეა, ლორენი. მათ გუნდის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს"...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები