Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატის თასი რუსეთში დააბრუნეს

ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ოდნავ მეტი რჩება. მუნდიალის თასის მსოფლიო ტური მასპინძელ ქვეყანაში დასრულდება და ტურნირის დაწყებამდე მას გულშემატკივარს იმ ქალაქებში წარადგენენ, რომლებშიც თამაშები უნდა ჩატარდეს.

გასული წლის ვოიაჟის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ თასი რუსეთში კიდევ ერთხელ დააბრუნეს და 8 მაისს მისი პრეზენტაცია ეკატერინბურგში მოეწყო. უახლოეს პერიოდში თასს მოსკოველ, სანქტ-პეტერბურგელ, სამარელ, როსტოველ და ნიჟნი ნოვგოროდელ გულშემატკივარს წარუდგენენ.

გუშინდელ პრეზენტაციაში მონაწილეობა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ელჩმა, ლიასან უტიაშევამაც მიიღო, რომელიც ვეტერანი ტანმოვარჯიშეა, ამჟამად კი ტელეწამყვანია და ბიზნესის სფეროშიც მოღვაწეობს. 

"დღეს, მე მსურს, რომ ყველა იმ ადამიანს უღრმესი მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ლეგენდარულ ღონისძიებაშია ჩართული.

ჩვენ მომავალში ამის შესახებ ისტორიებს მოვყვებით, ფოტოებს დავათვალიერებთ და ჩვენი ქვეყნით ვიამაყებთ. რუსეთი უკვე ჩემპიონია"! - განაცხადა უტიაშევამ.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრიდან მოყოლებული მსოფლიო ჩემპიონატის თასი 51 ქვეყანაში ჩაიტანეს, მათ შორის ის საქართველოშიც წარმოადგინეს.

მომავალი მუნდიალი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს ფინალური მატჩით დაიხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები