''შენი ქართული ქცევები ბელარუსიაში არ გვჭირდება'' - ბელარუსი მწვრთნელი ქართველს დაუპირისპირდა
Aa
Aa

''შენი ქართული ქცევები ბელარუსიაში არ გვჭირდება'' - ბელარუსი მწვრთნელი ქართველს დაუპირისპირდა

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში ''ნემანმა'' სტუმრად 2:1 დაამარცხა მინსკის ''ისლოჩი.'' მატჩის დასრულების შემდეგ ''ისლოჩის'' მთავარი მწვრთნელი ვიტალი ჟუკოვსკი ''ნემანის'' ქართველ მცველ გიორგი ქანთარიას დაუპირისპირდა. მან ქანთარიას შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ბელარუსმა ასევე შეურაცხყო საქართველო.

როგორც აღმოჩნდა ''ისლოჩის'' მთავარ მწვრთნელს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. მან იცოდა, რომ მის ფეხბურთელს დაზიანება ქანთარიამ მიაყენა, მაგრამ როგორც კადრებში ვხედავთ მეტოქის ფეხბურთელს ცხვირი ქანთარიას თანაგუნდელთან შეჯახებისას გაუტყდა. მას შემდეგ რაც ''ისლოჩის'' მთავარმა მწვრთნელმა ეპიზოდი განმეორებით ნახა, აღიარა რომ ქართველ ფეხბურთელს არასწორად მოექცა.

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი crystalsport-ს ესაუბრა.

''კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ჩემი თანაგუნდელი მეტოქის ფეხბურთელს შეეჯახა. თამაშის დასრულებისას მეტოქის მთავარი მწვრთნელი ჩემსკენ გამოიწია, მან შეურაცხყოფა მომაყენა როგორც მე, ასევე ჩემს სამშობლოს. ამბობდა რომ მსაჯს მე უნდა გავეძევებინე. მისი ერთ-ერთი ფრაზა ასეთი იყო: ''შენი ქართული ქცევები ბელარუსიაში არ გვჭირდება.''

სიმართლე გითხრა საერთოდ ვერ მივხვდი რა სურდა მას, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მას ის ფეხბურთელი ვეგონე, რომელმაც მისი გუნდის მოთამაშეს ცხვირი გაუტეხა. უბრალოდ გაუგებრობა იყო. მესმის რომ მას ემოციები მოეძალა, თუმცა ჯერ უნდა გარკვეულიყო და შემდეგ მე და ჩემს სამშობლოს შეურაცხყოფას არ მოგვაყენებდა.

ბელარუსიაში მეორე სეზონს ვატარებ და საქართველოს მიმართ ყველა ბელარუსი კეთილგანწყობილია. შესაძლოა ძალიან აღელვებული იყო და ამიტომ მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს. გაუგებრობა იყო და კარგია რომ ყველაფერი დალაგდა. მან აღიარა რომ არასწორად მოიქცა.''

კადრში წითელი ისარი გიორგი ქანთარიას მისამართითაა. ქართველი შეჯახების ეპიზოდში არ მონაწილეობდა

გიორგი ქანთარია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ''ზუგდიდის'' ყოფილი ფეხბურთელი ბელარუსიაში მეორე სეზონს ატარებს. 21 წლის ცენტრალურმა მცველმა ბელარუსული გუნდის მაისურით 32 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ბელარუსის ჩემპიონატის ექვსივე შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები