Aa
Aa

"იუვეს" ზედიზედ მეოთხე თუ "მილანი" 2003 წლის შემდეგ პირველად... - დღეს თასის ფინალია

იტალიის თასის 2017-2018 წლების სეზონის ფინალური მატჩი დღეს რომში „სტადიო ოლიმპიკოზე“ ჩატარდება.

ტურნირის ბოლო 3 სეზონისა და ჯამში 12 გზის გამარჯვებული „იუვენტუსი“ „მილანს“ შეხვდება, რომელსაც „კოპა იტალია“ 5-ჯერ აქვს მოგებული. „როსონერიმ“ ბოლოს ეს ტიტული 2003 წელს მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გუნდები ერთმანეთს იტალიის თასის გასული სეზონის გათამაშების ეგიდითაც დაუპირისპირდნენ. 1/4 ფინალური სტადია ერთ მატჩიანი იყო - თამაში "ალიანც სთედიუმზე"  ჩატარდა და მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს.

 

იტალიის თასზე ეს მეტოქეები 24-ედ შეხვდებიან. აქამდე გამართულ 24 მატჩში უპირატესობა "ვეკია სინიორას" აქვს - 10 მოგება, 7 ფრე და 7 წაგება.

მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მოახლოებული მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ჯანლუიჯი ბუფონი: "ეს ჩემთვის გრძელი, რთული და ემოციურად დატვირთული წელი იყო. ტიტულის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეც დავდექით, თუმცა საკუთარ თავში ძალების მოკრება შევძელით და ახლა გვჯერა, რომ მიზნებს მივაღწევთ.

ძალიან დაძაბული ბოლო 2 კვირა გვქონდა, "სკუდეტოსთვის" ბრძოლაში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ახლა თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ "ინტერთან" მატჩის 86-ე წუთზე გაცილებით სხვაგვარად ვიყავით. ჩვენი ძალაც სწორედ ისაა, რომ მეტოქისთვის დარტყმის მიყენება მაშინაც შეგვიძლია, როცა ყველაფერი თითქოს დაკარგულია.

მას შემდეგ, რაც 2003 წლის ფინალი წავაგეთ, მივხვდი, რომ "მილანთან" მატჩს ფავორიტის სტატუსით ვერასდროს დაიწყებ. აქამდე ამ გუნდთან 4 ფინალი მითამაშია, 2-ჯერ მათ პენალტებით მოიგეს, ერთხელ ჩვენ დამატებით დროში ვიმარჯვეთ და ერთხელაც პენალტებისას გაგვიმართლა. 

ხედავთ, რომ მათთან შეხვედრები 90 წუთში არ სრულდება, რაც გუნდებს შორის არსებულ ბალანსზე მიუთითებს და დღესაც დაახლოებით ასეთ განვითარებას ველი. 

ეს ფინალია და დაღლილობა სასაუბრო არ უნდა იყოს. ჩვენც იგივე სიტუაციაში ვართ, როგორშიც "მილანია", ამიტომ მიზეზებსა და გარემოებებს მნიშვნელობა არ აქვს.

იტალიის თასის ფინალში ბოლოს დაახლოებით 20 წლის წინ ვითამაშე. ამ ტურნირის კიდევ ერთ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობა ჩემთვის განსაკუთრებული სტიმულია".

ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის თასის ერთადერთ ფინალში აქვს ნათამაშები. ეს 1999 წელს "პარმას" რიგებში მოხდა, როცა "ჯალობლუმ" "ფიორენტინას" 2 მატჩის ჯამში აჯობა. მას შემდეგ "ჯიჯის" გუნდები ფინალში რამდენჯერმე გავიდნენ და ლეგენდარულ მეკარეს იტალიის თასის 4 ტიტული აქვს მოგებული, თუმცა ამ ფინალებისას ძირითად შემადგენლობაში ბუფონის დუბლიორები ხვდებოდნენ.

მასიმილიანო ალეგრი: "თასის მოგება "იუვენტუსის" ისტორიაში კიდევ ერთი ბრწყინვალე ფურცელი იქნება. განსაკუთრებული ენთუზიაზმით უნდა ვითამაშოთ. 

"ბოლონიასთან" მძიმე შეხვედრა გვქონდა და "მილანთანაც" რთული ბრძოლის მოლოდინში ვართ. ჯიჯიმ სწორად აღნიშნა, "როსონერი" ყოველთვის კარგად დაბალანსებულია, ფინალებში კი ეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა.

ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც სტანდარტულებისას ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია, ჰყავს ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები, ასე რომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ბიჭებისგან ველოდები, რომ ისინი ფანებსა და მე მორიგ დიდებულ საღამოს გვაჩუქებენ.

ბარძალი-ბენატია-რუგანის ტრიოდან, დაცვის ცენტრში 2 მათგანი ითამაშებს. მანჯუკიჩი, დე შილიო და სტურარო ვარჯიშს დაუბრუნდნენ. კიელინისა და ჰიოვედესის გარდა ყველა მოთამაშე ხელმისაწვდომია.

გატუზო არის ფეხბურთზე შეყვარებული ბიჭი, რომელსაც მწვრთნელობა ყოველთვის უნდოდა. "მილანის" გაწვრთნა იოლი არაა და ის კარგი შედეგებისათვის შესაბამის სამუშაოს ასრულებს".

მასიმილიანო ალეგრი "მილანს" 2010-2014 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად 2011 წელს იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერ თასი მოიგო.

ლეონარდო ბონუჩი: "იმედი მაქვს, ბრწყინვალე მატჩს ჩავატარებთ და თასს მილანში წავიღებთ, რაც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ ფინალით აღფრთოვანებული ვარ, რადგან იტალიის უძლიერეს გუნდთან დაპირისპირება გვიწევს. მათ დასამარცხებლად, შეტევაში სოლიდური თამაში და შანსების გამოყენება გვჭირდება. 

ფინალში თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და "მილანმა" აქ ყოფნა მისი ისტორიის, მენეჯმენტისა და ფანების გამო დაიმსახურა. ჩემი გუნდის მჯერა და ვიცი, რომ ძალიან კარგ თამაშს ვაჩვენებთ.

მნიშვნელოვანი გოლების გატანას ყოველთვის ვახერხებ. სტატისტიკურად გასულ სეზონებში 5-6 გოლი გამქონდა. ამ წელს მხოლოდ 2 გავიტანე, თუმცა პრიორიტეტი გუნდის ინტერესებია და მინდა, რომ "მილანთან" ერთად პირველი ტიტული მოვიგო. 

რაც შეეხებათ გატუზოსა და ალეგრის, გასახდელში არსებულ ატმოსფეროს ორივე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. შემადგენლობის არჩევისას განსაკუთრებით დაკვირვებულები არიან და თითოეულ ფეხბურთელს აგრძნობინებენ, რომ გუნდისთვის უაღრესად საჭირო მოთამაშეა.

ყველა დადებითი ციკლი მოგებით იწყება, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეს წარმატება ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი გახდება".

ლეონარდო ბონუჩი რამდენიმე დღის წინ 31 წლის გახდა. მან "იუვენტუსის" რიგებში 7 სეზონი გაატარა და "ბიანკონერისთან" ერთად 6-ჯერ სერია A, 3-ჯერ იტალიის თასი და 3-ჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო, ასევე ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალში ითამაშა.

ჯენარო გატუზო: "ფინალისთვის მწვრთნელის რანგში მომზადება აბსოლუტურად განსხვავებულია. როცა ფეხბურთელი ვიყავი ცრურწმენები მქონდა და რაღაც უცნაურობებს ვაკეთებდი. მწვრთნელობისას კი ვიდეოს ვიდეოზე ვუყურებ, რათა მეტოქის თამაში გავაანალიზო. დასაძინებლად ვწვები და უცებ ვფიქრობ, რომ ძილისთვის მთელი ცხოვრება მექნება, ამის შემდეგ ვდგები და ვიდეოების ყურებას ვაგრძელებ. ვგრძნობ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს დაკისრებული, ჩვენი მილიონობით გულშემატკივრის, ჩემი ფეხბურთელებისა და იმ ხალხის გამო, რომელსაც ჩემთვის კარგი უნდა. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში უმნიშვნელოვანესი მატჩია.

"იუვენტუსის" დასამარცხებლად მაქსიმალური კონცენტრაცია და მეტოქის პლუს-მინუსების გაცნობიერება გვჭირდება. დუგლას კოშტა და კუადრადო დრიბლინგს ხშირად ასრულებენ, რაც გუნდს რიცხობრივ უპირატესობას უქმნის. ასეთ სიტუაციაში ერთმანეთი უნდა დავაზღვიოთ და ორმაგი მეურვეობა დავაწესოთ. "იუვეს" დამარცხებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მენტალურად გავითავისებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. 

ფეხბურთელობიდან მოყოლებული "იუვენტუსის" მენტალიტეტს ვხედავ და ვიცი, რომ როცა ამ გუნდის მაისურს ატარებენ, მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან. ბრძოლისთვის ყველა მზადაა და არასდროს ნებდება. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ "იუვენტუსის" ფეხბურთელებს მატჩის შემდეგ ოფლიც არ აქვთ, მათ სიძლიერეს ესეც გამოტახავს.

რაც ბილიამ ბოლო 15 დღეში გააკეთა, ექსტრაორდინალური და თითქმის ზებუნებრივია. მან ფორმის დასაბრუნებლად ყველაფერი გაიღო და სამედიცინო შტაბს საქმე გაურთულა, რათა დროულად ეთამაშა. ბოლომდე მზად არაა, მაგრამ მისი ეს შრომა მთელმა გუნდმა უნდა დააფასოს. "მილანის" ფეხბურთელი სწორედ ასეთი უნდა იყოს". 

ტურინელთა მხრიდან კიელინი და ჰიოვედესი ვერ ითამაშებენ, მარიო მანჯუკიჩის საკითხი კი უახლოეს საათებში გადაწყდება.

„მილანს“ ანდრეა კონტი არ ეყოლება. ტრავმის შემდეგ გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა ლუკას ბილია, რომელმაც ბოლოს 21 აპრილს "ბენევენტოს" წინააღმდეგ ითამაშა.

მატჩამდე ორივე გუნდი იტალიის პრეზიდენტს ესტუმრა. სერჯიო მატარელამ "იუვენტუსსა" და "მილანს" წარმატება უსურვა.

„იუვესა“ და „მილანის“ შეხვედრას ანტონიო დამატო იმსაჯებს, თამაში კი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები