Aa
Aa

მარკ უილიამსი მსოფლიო ჩემპიონია!

მარკ უილიამსმა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში შოტლანდიელი ჯონ ჰიგინსი დაამარცხა და 1978 წლის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა ორმხრივ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ უელსელის გამარჯვებით 18 – 16 დასრულდა. უილიამსმა პირობაც შეასრულა და პრესკონფერენციაზე შიშველი, პირსახოცის ამარა გამოცხადდა. მარკმა ადგილის დაკავების შემდეგ პირსახოციც მოიშორა და ჟურნალისტებთან სრულიად შიშველმა ისაუბრა.

 

უელსელი, რომელიც სეზონის დასაწყისში კარიერის დასრულებას აპირებდა მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. ჟურნალისტებთან საუბრისას უილიამსმა განაცხადა:“ დაუჯერებელია! 12 თვის წინ ვერც კი ვიფიქრებდი რომ ასეთი რამ მოხდებოდა, სახლში ვიჯექი და როგორც რიგითი ბრიტანელი ლუდს ვსვამდი“.

„ბოლოს, ჩემპიონობა, რომ მოვიპოვე ჭიქა რძე დავლიე და დავიძინე. დღეს იგივეს ნამდვილად არ ვაპირებ და ტიტულის მოპოვებას გრანდიოზული წვეულებით აღვნიშნავ“.

მარკს, როგორც გამარჯვებულს 885400 ფუნტი სტერლინგი გადაეცა. როი რეარდენის შემდეგ უილიამსი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. როიმ აღნიშნული ტიტული 45 წლის ასაკში მოიგო.

„მატჩის ბოლოს ემოციებმა მძლია, რადგან 12 თვის წინ კარიერას დასრულებაზე ვფიქრობდი ახლა კი მსოფლიო ჩემპიონობამდე რამდენიმე წამი მაკლდა. წარმოდგენა არ მაქვს რის ხარჯზე მოვახერხე ტიტულის მოპოვება, ტურნირის დაწყების წინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთ საოცარ შედეგს მივაღწევდი“.

მარკმა მადლობა ცოლსაც გადაუხადა, რადგან კარიერის გაგრძელებაზე უელსელი სწორედ მან დაიყოლია. უელსელმა ახალ მწვრთნელთან, სტივ ფინთან ერთად, პირველივე წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. უილიამსმა ფინალში შოტლანდიელი ჯონ ჰიგინსი დაამარცხა, რომელმაც ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წააგო.

ცხელი ამბები