Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ფილადელფია - ბოსტონი 103 – 92

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფების მორიგი ტური გაიმართა. გახსნითი მატჩი ფილადელფიაში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ფილამ“ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „ბოსტონის“ დამარცხება მოახერხა.

„სიქსერსი“ პარკეტზე შეცვლილი სასტარტო ხუთეულით გამოვიდა, ძირითად შემადგენლობაში რობერტ კოვინგტონის ადგილი ტი ჯეი მაკკონელმა დაიკავა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 26 წლის გამთამაშებელმა აქტივში 19 ქულა, 7 მოხსნა და 5 გადაცემა ჩაიწერა.

ტი ჯეის გარდა 25 ქულით დარიო სარიჩი გამოირჩა, ჯოელ ემბიდმა გუნდს 15 ქულა და 13 მოხსნა შესძინა, ბენ სიმონსმა კი შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.

„ბოსტონს“ 20 ქულით ჯეისონ ტატუმმა ულიდერა, მარკუს სმარტმა 14 ქულა დააგროვა, სათადარიგო სკამიდან შემოსული მარკუს მორისი გუნდს 17 ქულით დაეხმარა. ჯეილენ ბრაუნს თამაში არ წაუვიდა და შეხვედრა 8 ქულით დაასრულა.

სერიაში ანგარიში 3-1-ია და შემდეგი შეხვედრა ბოსტონში 10 მაისს გაიმართება.

კლივლენდი - ტორონტო 128 – 93

ლებრონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი შეჩერება აღმოსავლეთ კონფერენციაში არავის შეუძლია. „ტორონტომ“ „მეფეს“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და გადამწყვეტ შეხვედრაში უშანსოდ დამარცხდა.

„კავსმა“ საოცარი მატჩი ჩაატარა და მეტოქეს ყველა მეოთხედში აჯობა. 10 ქულიან ნიშნულს „კავალიერსის“ სასტარტო ხუთეულის ყველა მოთამაშე გადაცდა. ტრადიციულად „კლივლენდს“ 29 ქულით ლებრონმა ულიდერა. კევინ ლავმა შეხვედრა 23 ქულით დაასრულა. კაილ კორვერმა გუნდს 16 ქულა შესძინა, ხოლო ჯეი არ სმიტმა 15 ქულა მიითვალა და კალათში ყველა სროლა მოათავსა.

„ტორონტოს“ იონას ვალანჩუნასმა 18 ქულით ულიდერა. სი ჯეი მაილსმა გუნდს 13 ქულა შესძინა. საშინელი შეხვედრა ჩაატარა კაილ ლოურიმ, კანადელების გამთამაშებელმა მატჩი 5 ქულით დაასრულა.

„კლივლენდი“ „ბოსტონი“ – „ფილადელფიას“ გამარჯვებულს კონფერენციის ფინალში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები