Aa
Aa

"ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" რეკორდი გააუმჯობესა

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/2 ფინალურ შეხვედრაში "რომამ" "ლივერპულს" უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა, თუმცა ფინალში მერსისაიდელებმა გააღწიეს და იქ მადრიდის "რეალს" შეხვდებიან. ეს გუნდები ჩემპიონთა თასის 1980-1981 წლების სეზონის გადამწყვეტ მატჩში დაუპირისპირდნენ და მაშინ ინგლისელებმა 1:0 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ "წითლებმა" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 2014 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად წააგეს - მათი სერია 15 მატჩს ითვლიდა. ლივერპულელები ბოლოს თავიანთ მომავალ მეტოქე "რეალთან" სტუმრად დამარცხდნენ, როცა 2014-15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

კიდევ ერთი გამოსარჩევი ფაქტი, დღეს გამეორებული ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ორ რაუნდიანი დაპირისპირების შედეგიანობის რეკორდია. 2008-2009 წლების სეზონში მიუნხენის "ბაიერნისა" და ლისაბონის "სპორტინგის" წყვილის 2 თამაშში ჯამურად 13 გოლი გავიდა (გერმანელებმა ჯამში 12:1 იმარჯვეს), რაც წელს "რომამ" და "ლივერპულმა" გაიმეორეს - ინგლისელებმა საერთო ანგარიშით 7:6 მოიგეს.

"ლივერპულმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მერვედ მოიპოვა. მან აქამდე გამართული 7 ფინალიდან 5 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა, რაც ამ ტურნირის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გატანას გულისხმობს. 1999-2000 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" 45 გოლი გაიტანა, "ლივერპულმა" კი ეს მაჩვენებელი 1/2 ფინალური ეტაპის შემდეგ გააუმჯობესა.

მერსისაიდელებმა მიმდინარე გათამაშება საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს, სადაც გერმანულ "ჰოფენჰაიმს" შეხვდნენ და იქიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 46 გოლი გაიტანეს, თანაც ფინალური მატჩი კიდევ წინაა...

ფინალურ შეხვედრას უკრაინის დედაქალაქი კიევი მასპინძლობს, რომლის "ოლიმპიურ სტადიონზეც" "რეალი" და "ლივერპული" 26 მაისს ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები