Aa
Aa

„რომა“ VS „ლივერპული“ - წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს რომში დიდი საფეხბურთო ზეიმია. სტადიო ოლიმპიკოზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „რომა“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან. გუნდებს შორის ინგლისში გამართული შეხვედრა „ლივერპულმა“ 5:2 მოიგო, რაც დიდი უპირატესობაა, თუმცა როცა საუბარი „ჩემპიონთა ლიგის“ 1/2 ფინალურ შეხვედრაზეა, გადაწყვეტილად მაინც ვერაფერს ჩავთვლით. წინასამატჩო ვარჯიშების შემდეგ, გუნდების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. ეუსებიო დი ფრანჩესკოს თქმით მას სურს, რომ მოედანზე ენთუზიაზმი და მონდომება დაინახოს.

ეუსებიო დი ფრანჩესკო

მატჩი

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უნდა ვითამაშოთ. ამას იტალიელების და ინგლისელების გასაგონად ვამბობ - ჩვენ 70 000 ადამიანის წინაშე უნდა გამოვიდეთ და რას ელოდებით? რომ უბრალოდ დავთმობთ თამაშს? რა თქმა უნდა არა! თქვენ მებრძოლ გუნდს იხილავთ, რადგან მე ისეთი კლუბის მწვრთნელი ვარ, რომელიც შედეგისთვის მოედანზე ყველაფერს აკეთებს. ამის შემდეგ შეხვედრა შესაძლოა ანგარიშით 4-1, 3-1 ან თუნდაც 0-0 დასრულდეს. მე რაც მსურს ისაა, რომ მოედანზე ენთუზიაზმი და მონდომება დავინახო რათა საზღვრებს გავცდეთ. სწორედ ესაა რასაც ველი.“

ტაქტიკა

„მე იმას გავაკეთებ, რასაც თქვენ კომპიუტერებსა თუ სმარტფონებში აკეთებთ. ანუ Copy და Paste იმის, რაც ბარსელონას წინააღმდეგ გავაკეთეთ. არამარტო ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ მენტალური და ფიზიკური კუთხითაც. რადგან როდესაც ლივერპულის წინააღმდეგ თამაშობ, პირველი რაც საჭიროა ეს თამაშის ხარისხის და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გოლი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიტანოთ, რათა ჩვენი გულშემატკივრები უფრო მეტად გამოფხიზლდნენ და ტრიბუნებიდან დაგვეხმარონ.“

ჯეკო

„ედინ ჯეკოს გუნდში დიდი როლი აქვს. იმედი მაქვს ჯეკო მოედანზე იმაზე შედეგიანი იქნება, ვიდრე სალაჰი პირველ შეხვედრაში იყო და ჩვენი წარმატების მიზეზიც სწორედ ის გახდება. საჯაროდ ვამბობ, რომ ამ პასუხისმგებლობას ჯეკოს ვაკისრებ, რადგან ამ დონის ფეხბურთელმა ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს.“

სალაჰი

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა შეუძლია სალაჰს. ის უმაღლეს დონეზე თამაშობს და ჩვენ ეს უნდა გავაანალიზოთ. სალაჰს 3 ფეხბურთელს ვერ დავუყენებ, ეს შეუძლებელია. ჩვენ იმის ძალა უნდა გვქონდეს, რომ თავი დავიცვათ და თან ის გავაკეთოთ რაც უმთავრესია - გავიტანოთ მინიმუმ 3 გოლი.“

ძალადობა

„რაც შეეხება ლივერპულის დაჭრილ ფანს... თანადგომას ვუცხადებ შონ კოქსა და მის ოჯახს და მე, ისევე როგორც რომა ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. მერწმუნეთ რომ რომში ნამდვილი ფანებიც არიან, რომლებსაც კლუბი ძალიან უყვართ და ღირსეულები არიან. მოძალადეების მცირე ჯგუფს, რომელიც მჯერა, რომ ინგლისში და სხვა ქვეყნებშიც არიან, არ უნდა მივცეთ საშუალება ისეთი ლამაზი თამაში და მატჩები გააფუჭონ, როგორიც დღეს უნდა ვიხილოთ. იმედი მაქვს, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი შედეგის მიუხედავად თამაშით ისიამოვნებს.“

ჟურნალისტებთან ისაუბრა „ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, რომლის განცხადებითაც ის მოედანზე რაიმე კონკრეტული გეგმით არ გადის, რადგან მსგავს მატჩში  100%-ით ვერცერთი სქემა ვერ იმუშავებს.

იურგენ კლოპი

ტაქტიკა

„ეს ფეხბურთია და შესაძლოა თამაში ნებისმიერ მომენტში შეტრიალდეს. ამის გათვალისწინებით ჩვენ მოედანზე აქტიურები უნდა ვიყოთ და ის გავაკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. რაც მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ თამაში მარტივი არაა. ასეთ თამაშში რაიმე კონკრეტული გეგმა ვერ გექნება, რადგან ვერცერთ სქემაზე ვერ იტყვი რომ 100%-ით იმუშავებს. ასე რომ უნდა დავაკვირდეთ თამაში როგორ წარიმართება.“

„რომა“ VS „ბარსელონა“

„რომა მატჩისთვის უფრო მზად იყო ვიდრე ბარსელონა. ამაზე ბარსელონაში ალბათ ბევრს ფიქრობენ და მათ უნდა კითხოთ. ჩვენ ყველა გვეუბნება, რომ ეს რთული მატჩი იქნება და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ბარსელონას კი არავინ აფრთხილებდა, რომ 3-0 4-0 ან რა მნიშვნელობა აქვს... საერთოდ მარცხი შესაძლებელი იყო. არავინ ეუბნებოდა, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა რომ ეს მოხდებოდა. თუმცა მოხდა. ასე რომ რაც ბარსას შემთხვევაში მოხდა, ეს ჩემთვის გაფრთხილება იყო.“

მიზანი

„ჩვენ დღეს აქ ყოფნა დავიმსახურეთ და თუ იმ შედეგს დავდებთ, რაც გვინდა, მაშინ ფინალში ყოფნასაც დავიმსახურებთ. ხოლო თუ ასე არ მოხდა, მაშინ ამას მთლიანი რომი დაიმსახურებს. ეს თამაშის ნაწილია. თუმცა ჩვენ აქ ჩვენი ოცნების ასახდენად ჩამოვედით და ამისათვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ ფინალში გასვლა გვინდა.“

სალაჰი

„სალაჰი დროთა განმავლობაში გაიზარდა და თავდაჯერებულობა მოემატა. ის ჩელსიდან ფლორენციაში წავიდა და კარგი სეზონი ჩაატარა, თუმცა შემდეგ რომში კიდევ უკეთესად იასპარეზა. დღეს ის მაღალი დონის ფეხბურთელია და ჩვენ გაგვიმართლა რომ ის ჩვენთანაა. გოლების გატანა მისთვის მე არ მისწავლებია, მან ეს თავიდანვე იცოდა.“

„რომასა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება და მას სლოვენიელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი კი დამირ სკომინა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები