დანიელე ორსატოს სახლს პოლიცია იცავს
Aa
Aa

დანიელე ორსატოს სახლს პოლიცია იცავს

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის შეხვედრაში "იუვენტუსმა" სტუმრად "ინტერი" 3:2 დაამარცხა. "ნერაძურის" ქომაგები მიიჩნევენ, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა მსაჯის გადაწყვეტილების გამო წააგო. მთავარმა არბიტრმა დანიელე ორსატომ თამაშის 35-ე წუთზე "ინტერის" ურუგვაელი საყრდენი მატიას ვესინო გააძევა, ხოლო მეორე ტაიმში მირალემ პიანიჩს გაფრთხილება არ უჩვენა, რომელიც მის გაძევებას გამოიწვევდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ორსატომ პოლიციას მისი სახლის გარშემო ტერიტორიის გაკონტროლების თხოვნით მიმართა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც 42 წლის რეფერიმ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. იგი აცხადებს: "ჩემი შვილები დაღონებული არიან, მე კი არ მინდა, მათ ინერვიულონ. სხვა არაფრის თქმას არ ვაპირებ, თუ რამე გაინტერესებთ, დარეკეთ ფედერაციაში და მათ ჰკითხეთ".

ცნობილი იტალიელი მსაჯის სახლი ვენეციის მახლობლად მდებარეობს და მას ამჟამად პოლიციის თანამშრომლები იცავენ. ჟურნალისტები ორსატოს მეუღლესაც გაესაუბრნენ, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს შეუტია: "შეშინებული ვართ თუ არა? ვერ ხედავთ აქ რა სიტუაციაა"?

დანიელე ორსატო 2010 წლიდან "ფიფას" კატეგორიის მსაჯია. იგი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეო გამეორების სისტემასთან (VAR) იმუშავებს. მუნდიალზე ერთადერთი იტალიელი მთავარი არბიტრი ჯანლუკა როკი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები